მთავარისიახლეები"დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა... უნდა შეწყდეს ძალადობა, მოხდეს ეფექტური...

“დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა… უნდა შეწყდეს ძალადობა, მოხდეს ეფექტური გამოძიება” – Human Rights Watch-ის ანგარიში

Published on

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ და სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, “სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი”.

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.

გარდა ამისა, Human Rights Watch ესაუბრა ძალადობის ათეულ მსხვერპლს, რომლებიც მიუთითებდნენ სხვადასხვა სახის დაზიანებებზე: ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” ასობით მომიტინგეს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდო, ხოლო რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, დაკავებულების საქმეების განხილვა იყო ზედაპირული.

“ხელისუფლების ძალადობის დონე ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არის შოკისმომგვრელი, უხეშად საპასუხო და არღვევს საქართველოს შიდა კანონებსა და საერთაშორისო ნორმებს. პოლიციის მხრიდან მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო, ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს”, – თქვა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

Human Rights Watch-ის ანგარიშში საუბარია ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმაზეც და აღნიშნულია, რომ სპეცრაზმელები და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირის მქონე აგრესიული პირები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელს უშლიდნენ გაშუქებაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ბრალდება ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.

“ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება”, – წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მოხვდა არალეგიტიმური პრემიერის გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც სანქცირებულ შს მინისტრს ჯილდო უნდა გადაეცეს. Human Rights Watch-ის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ძალადობაში დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების უგულებელყოფას.

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...