“პირველი იანვრიდან სტომატოლოგები არ გვეყოლება, ან გვეყოლება, მაგრამ იატაკქვეშეთში” – დილემა, სახელად 20 ქულა

0
84

საქართველოში მომუშავე სტომატოლოგები დილემის წინაშე დგანან: ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათთვის აუცილებელი გახდა პროფესიული, აკრედიტირებული ტრენინგების გავლა და ამ ტრენინგებისთვის მინიჭებული ქულების ჯამით, მინიმუმ, 20 ქულის დაგროვება.

სტომატოლოგებს ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე მისცეს, ხოლო თავად კანონი, რომლითაც ყველა სტომატოლოგისთვის სავალდებულო გახდა 20 ქულის მოპოვება, 2023 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში.

დილემა იმაში მდგომარეობს, რომ სტომატოლოგთა უმრავლესობა 1 იანვრამდე დარჩენილ დროში ვერ შეძლებს ტრენინგებით 20 ქულის დაგროვებას, რაც მათ დაჯარიმებას, ან სულაც, საქმიანობის სერტიფიკატის შეჩერებას გამოიწვევს.

კონკრეტულად რა სანქციებს უნდა ელოდნენ ის სტომატოლოგები, რომლებიც 1 იანვრიდან 20 ქულის გარეშე დარჩებიან, თავად სტომატოლოგებმაც არ იციან დანამდვილებით.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირინე ბერკაცაშვილი “ოდიშინიუსთან” საუბარში ამბობს, რომ კანონში ბევრი რამ ბუნდოვანია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო შეკითხვებზე არ პასუხობს და ამასობაში, დრო გადის.

ირინე ბერკაცაშვილის თქმით, ერთადერთი პასუხი, რაც ჯანდაცვის სამინისტროში წერილის გაგზავნის შემდეგ სტომატოლოგებმა მიიღეს, აკრედიტებული, ქულებმინიჭებული ტრენინგების სია იყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ტრენინგების უმრავლესობა უკვე ჩატარებულია. ამასთან, ტრენინგები ფასიანი, საკმაოდ ძვირადღირებულია, სახელმწიფო კი, მაგალითად, რეგიონებში მცხოვრებ სტომატოლოგებს სუბსიდირებაზეც უარს ეუბნება და მეტიც: არც გზის, არც ბინის, არც კვების ხარჯებს ფარავს.

ირინე ბერკაცაშვილი:

“ეს კონფერენციები ან უკვე ჩატარებულია, ან კატასტროფულად ძვირი ღირს, ან ადგილები არ არის. ანუ, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ყველა სტომატოლოგმა მოასწროს 1 იანვრამდე და გაიაროს ეს აკრედიტებული ტრენინგები. კანონში წერია, რომ ცვლილებები ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან, კანონი კი ძალაში შევიდა 2023 წლის 30 ოქტომბერს. მაგრამ მოულოდნელად აღმოვჩნდით რეალობის წინაშე, რომ წელს უნდა დავაგროვოთ ეს ქულები. საერთოდ გაურკვევლობაში ვართ: არ ვიცით რა სანქციებია, რამხელა ჯარიმაა, ვის ეხება და ვის არა, მაგალითად ზოგს ორი, სამი პროფესიული სერტიფიკატი აქვს და ხშირად მირეკავენ კოლეგები და მეკითხებიან რომ აი, მე ვარ ორთოდონტი და თუ მეხება ამ 20 ქულის დაგროვების ვალდებულება, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ამ დეტალებზე დუმს. ამას გარდა, ძალიან ბევრ შეკითხვაზე არ გვცემენ პასუხს, მაგალითად, თუ ექიმი საზღვარგარეთაა და ვერ ჩამოდის, შესაბამისად, ვერც ქულებს დააგროვებს, მას შეუჩერდება თუ არა ლიცენზია, ჯარიმის გადახდა მოუწევს თუ გამოცდების ხელახლა ჩაბარება და ა.შ.

ჩვენი წერილის პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ საქართველოში, მთელი წლის განმავლობაში, აკრედიტებულია 40 ტრენინგი, მოგვაწოდეს სია და თითქმის ყველა უკვე ჩატარებულია. არის 250 ლარიანი ტრენინგები და პროფესიული, რომლებიც 5 და 6 ათასი ლარი ღირს – ფიზიკურად შეუძლებელია მათი გავლა ყველა სტომატოლოგმა შეძლოს, მაგალითად, რეგიონიდან ვერ ჩამოვა, რადგან არც გზის, არც ბინის, არც კვების ანაზღაურება არ შედის ტრენინგის ფასში, ამავე დროს, არანაირი სუბსიდირება არ არის სახელმწიფოს მხრიდან, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ეს მოვითხოვეთ.

ამ ტრენინგების გავლა იმათთვისაც რთულია, ვისაც ახალი დამთავრებული აქვს და თუ გნებავთ, სტაჟიანი ექიმები რომ ავიღოთ, ისინიც ვერ გაივლიან ასე ძვირ ტრენინგებს. 1.500 ლარზე იაფი არცერთი პროფესიული ტრენინგი არ ღირს და ამ დროს ერთი ასეთი ტრენინგის გავლას მხოლოდ 3 ან 4 ქულა მოაქვს.

ჩვენ ისედაც ვტრენინგდებით მუდმივად, იმ დროსაც გავდიოდით ტრენინგებს, როცა ქულების მოთხოვნა არ იყო, რადგან არ ვართ მუდმივი განვითარების, პროფესიული ზრდის, სიახლეების დაუფლების წინააღმდეგი, ძალიან კარგად გვესმის, რომ მუდმივი განვითარება აუცილებელია ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის. ახლა გამოდის, რომ ეს ტრენინგები, რომლებიც ჩვენი ნებით გვაქვს გავლილი, ხელახლა უნდა გავიაროთ მხოლოდ იმიტომ, რომ 20 ქულა დავაგროვოთ, არადა, უკვე გავლილი გვაქვს და ჩვენთვის საინტერესოც აღარ არის.

არის 30 ქულიანი ტრენინგები, რომელიც 6.000 ლარამდე ჯდება, მაგრამ ეს არის პაროდონტოლოგიაში. როდესაც ვიღაცა ქირურგია, ან თერაპევტი, ან ორთოდონტი, პაროდონტოლოგია სად ჩაეთვლება, ისიც კი არ ვიცით, ან ჩაგვეთვლება თუ არა საერთოდ. ძალიან ბევრმა დაინტერესებულმა გაიარა ტრენინგები პაროდონტოლოგიაში, მაგრამ ქულები ვერ მიიღო, რადგან მაშინ ქულები არ ჰქონდა მინიჭებული ტრენინგებს და 30 ქულა ახლა, სექტემბერში მიენიჭა.

თუ ასეთი არაგულისხმიერი, ცივი დამოკიდებულება გაგრძელდა, 2025 წლის 1 იანვრიდან საზოგადოება ან სტომატოლოგების გარეშე დარჩება, ან გადავა იატაკქვეშეთში და მიჰყოფენ ხელს არარეგისტრირებულ საქმიანობას, ეს კი, მოგეხსენებათ, დამატებითი რისკის ფაქტორია, თუნდაც ბა და ც ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების კუთხით და მივიღებთ იმას, რასაც წლებია, მთელი მსოფლიო ებრძვის – უკანონო საქმიანობას.

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი, მოტივირებული პასუხები. ვაპირებთ მივმართოთ შესაბამის ინსტანციებს, რათა გავიგოთ, ეს კანონი ვის რას ავალდებულებს. ელემენტარულად, ჩვენი ღირსება, თავმოყვარეობაა შელახული, იმიტომ რომ ამდენი წლის მანძილზე ვსწავლობდით, დავამთავრეთ უნივერსიტეტები, ბევრს გვაქვს ძალიან დიდი სტაჟის პრაქტიკა და ამ დროს გვეუბნებიან, რომ აი, ამ ტრენინგს თუ არ გაივლი, მე შენ დაგაჯარიმებ, კლინიკას დაგიკეტავ, დარჩები უმუშევარი და რატომ? ჩვენ ხომ არ ვართ უწყვეტი სამედიცინო განათლების წინააღმდეგი, უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა მომაწოდოს ისეთი ტრენინგები, რომლის გავლა ჩემთვის იქნება სასარგებლო, საინტერესო და ხელმისაწვდომი”, – ამბობს ირინე ბერკაცაშვილი. 

წინა სტატიაომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია – ზელენსკი
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური