მთავარისიახლეებიპაპუაშვილი- ხელი მოვაწერე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონს

პაპუაშვილი- ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელი მოაწერა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს. რამდენიმე დღის წინ პაპუაშვილმა მედიასთან თქვა, რომ თუ პრეზიდენტი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა, ამას თავად გააკეთებდა.

მისივე თქმით, “უცნაური წესი”, რომელიც მოქმედებდა, შემუშავდა არა პარტიების დიალოგს საფუძველზე, არამედ “მედიატორის დაჟინებული იდეა იყო”.

“დღეს ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება – არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში.

ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა. კანონი რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე.

მიუხედავად “19 აპრილის შეთანხმების” ანულირებისა, ჩვენ, მაინც, თითქმის სამი წელი მივეცით ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას, იმისთვის რომ ემუშავა. თუმცა, მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ვერ დავუშვებთ. ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა”, – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კრიტიკისა და მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია.

მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.

სიახლეები

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...

29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება – ნიკა გვარამია

პროდასავლური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან კვლავაც გრძელდება. ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ 29 დეკემბერს დაგეგმილი...