პერსპექტივის მონიჭების შემდეგ განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან – მთავრობის ანგარიში

0
155

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

“ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, შედგა უპრეცედენტო რაოდენობის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის – 36 ორმხრივი ვიზიტი.

პროაქტიულად დაიგეგმა და განხორციელდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში. პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები გაიმართა კვიპროსთან, ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, იტალიასთან, ირლანდიასთან”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

“ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. საანგარიშო პერიოდში შედგა საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი სენატორების − ჯინ შაჰინისა და რიჩარდ დურბინის შემადგენლობით.

აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის 29
დეკემბერს ძალაში შესული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც, უკვე მე-8 წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით”, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ანგარიშში წერია, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA), რომელიც ძალაში 2022 წლის დეკემბერში შევიდა, შავი ზღვის რეგიონისადმი დაფიქსირებულია განსაკუთრებული ინტერესი. კანონი ხაზს უსვამს კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას შავი ზღვის ქვეყნების თავდაცვითი და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და რეგიონის ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, შავი ზღვისთვის მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი სტრატეგიების მიღებას.

წინა სტატიარესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს
შემდეგი სტატიაროგორც ვიცი, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ – დავითულიანი კადიროველებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური