საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შს მინისტრს ესაუბრა და მიიღო პირობა, რომ ქორწილი (სერგეი ლავროვის შვილის ქორწილი “ყვარლის ტბაზე”) არ ჩატარდება, რადგან სტუმრებმა უკვე დატოვეს ქვეყანა.
სალომე ზურაბიშვილმა ამ ფაქტს “საზოგადოების გამარჯვება” უწოდა და ქვეყანაში გავრილოვის ჩამოსვლასა და გაქცევას შეადარა.
“დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ, ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასაც შეეხო:
“ჯერ დაიწყო ფრენები – ვიღაცები დადიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებულები არიან, რომ ფრენები აღდგა. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება”., – განაცხადა პრეზიდენტმა.