ბადრი ესებუას მთავარი მოთხოვნაა, მისი ძმა გათავისუფლდეს

0
191

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ძმის გათავისუფლებაა. სასამართლო პროცესი ზუგდიდში დღეს უნდა გაიმართოს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბადრი ესებუა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

“პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც პირდაპირი გაგებით მძევლად არის აყვანილი, უნდა გათავისუფლდეს, ესაა მთავარი მოთხოვნა, როგორც ბადრის ასევე ზოგადად ყველასი. თუ რამე კითხვები ექნება საგამოძიებო უწყებას ბადრისთან არ არის პრობლემა, აქ იმყოფება და მზადაა ყველანაირ კითხვაზე უპასუხოს, მაგრამ ის, რაც ხდება ბადრის ოჯახს, ეს უნდა დასრულდეს, ესაა საშინელება, როცა შენს გამო ვინმე ოჯახის წევრს სახელმწიფო მძევლად აიყვანს. შემდეგ, თუ რაიმე სახის განცხადება, ურთიერთობა ან თანამშრომლობა სურს საგამოძიებო უწყებას, ჩვენ მზად ვართ, მასთან ყველანაირად ღია ვიყოთ”, – თქვა ალექსანდრე კობაიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო. საქმეზე ზუგდიდის სასამართლოში სხდომა დღეს, 20 თებერვალს გაიმართება.

წინა სტატია“გადაარჩინე მიშა!” – ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი კილო დაიკლო, კარგს ვერაფერს გეტყვით – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური