საქართველოს პროკურატურა 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში აღნიშნუნილია, რომ საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
ასევე პროკურატურა განცხადებაში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია.
"თბილისის პროკურატურამ ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი – გ.ბ და გ.ჯ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს – მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.
"იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ. მეგობრებთან ერთად N51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილები იყვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს-სთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი. ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ა.ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გ.ბ 2017 წლის 2 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება 2017 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. 2017 წლის 3 დეკემბერს, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს მიმართ იმავე კვალიფიკაციით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ვერ მოხერხდება არასრულწლოვან გ.ჯ.-ს დაკავება, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. ბრალდებულებისთვის ბრალად შერაცხული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ინციდენტში მონაწილე არაერთი მოწმის ჩვენებით, ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის მკვლელობების იარაღებით, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. კერძოდ, დ.ს.-ს მკვლელობის იარაღი დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ.დ.-ს მკვლელობის იარაღი ასევე დანა გამოძიებას წარმოუდგინა ინციდენტში მონაწილე მოწმემ, რომელსაც გადამალვის მიზნით გადასცა დაკავებულმა ბრალდებულმა გ.ბ-მ.
"საქმეზე გრძელდება გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.
"ასევე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს გამოვეხმაუროთ, სოციალური ქსელის საშუალებით ზოგიერთი პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა შესაძლო მკვლელობის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი პროკურატურის თანამშრომელია და ამით ხელი ეშლება გამოძიებას. უპირველეს ყოვილსა ხაზი უნდა გაესვას იმ გარეომებას, რომ აღნიშნულ საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების გ.ჯ-ს და გ.ბ-ს არცერთი ოჯახის წევრი ანდა ახლო ნათესავი არ არის პროკურატურის მუშაკი. აღნიშნული სიცრუის გავრცელებით გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და განზრახ ცდილობს პროკურატურის და მიმდინარე საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაციას.
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი, თუმცა იგი 2014 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში და მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, არც აღნიშნულ გამოძიებასთან და არც სხვა რომელიმე გამოძიებასთან, არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება, რომ ქონდეს.
"ასევე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესაური კავშირი პროკურატურის მუშაკთან ვერცერთ საქმეზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე გამოძიებაზე და მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პროკურატურის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ნებისმიერი პროკურორი, რომლის მიმართაც შესაძლებელია, არსებობდეს თუნდაც კითხვები გარკვეული პირადი მოტივების გათვალისწინებით შესაძლო მიკერძოებულობაზე დაუყონებლივ იქნება აცილებული სისხლის სამართლის საქმიდან.
"იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია," – ნათქვამია განცხადებაში.