მთავარისიახლეებიმსოფლიობორელი: EU-ში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული, არაა მარტივი, მაგრამ მარტო არ ხართ

ბორელი: EU-ში გაწევრიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული, არაა მარტივი, მაგრამ მარტო არ ხართ

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის თქმით, “ევროპულ ოჯახში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, მას არ აქვს მოკლე გზები, ის ყველასთვის საერთოა და მისი კრიტერიუმები და მოლოდინები ძალიან ნათელია”.

ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება – ეს არის მთავარი პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და “რახან საქართველომ გადაწყვიტა მიყვეს ევროპულ გზას, მნიშვნელოვანია, ეს განხორციელდეს”.

“გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ყველას სურვილი და უნდა მოინახოს გზა, რომ ყველამ ერთად იმუშაოთ. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის პრეროგატივა. ამ პროცესს ვეძახით საყოველთაოს, იმიტომ რომ ის უნდა გამოხატავდეს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს და სურვილს, გაწევრიანდნენ ევროპულ ოჯახში.

ევროპაში გაწევრიანების გზა მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას, მაგრამ რა თქმა უნდა, მმართველ ძალას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტივი, მაგრამ თქვენ არ ხართ მარტო, ევროკავშირი ყველა თავისი ინსტიტუციით მოწოდებულია, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ”, – თქვა ბორელმა.

ბრიფინგზე სიტყვით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა და თქვა, რომ “საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და აქვს სრული მზაობა, თანხვედრაში იყოს 12-ვე რეკომენდაციასთან”.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “მთავრობამ დაიწყო ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჩაერთნენ, მაგრამ ზოგიერთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა”.

“ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და აქვს სრული მზაობა, თანხვედრაში იყოს 12-ვე კრიტერიუმთან. დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული, ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულების ერთგულები ვართ”, – თქვა ღარიბაშვილმა.

***

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა – ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.

ქართული ოცნება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე ცალკე მუშაობს. მათ შეხვედრა უკვე გამართეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის მიწვევის გარეშე.

ასევე, 18 ივლისს ქართულმა ოცნებამ უარი თქვა რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე, რომლის ჩატარებაც ოპოზიციამ მოითხოვა და პრეზიდენტმა მოიწვია.

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...