საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხზე კვლევას აქვეყნებს. კვლევაში განხილულია 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 2.5-ჯერ მეტია. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს კი 36%-ით აჭარბებს.
“ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული. ცალკე აღებული საქონლის ექსპორტი შემცირდა”, – აღნიშნულია კვლევაში.
TI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში საქართველოში 6,400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.