ამერიკელი კანონმდებლების 5-კაციანი დელეგაცია, სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: „დემოკრატი“ კონგრესმენები, ჯონ გარამენდი, ალან ლოუენთალი და დონ ბეიერი და „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ამატა კოლმენ რადევაგენი.
ედ მარკი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა აღმოსავლეთ აზიის, წყნარი ოკეანისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ქვეკომიტეტის ხელმძღვანელია.
მისმა ოფისმა განაცხადა, რომ კანონმდებლები “დაადასტურებენ შეერთებული შტატების მხარდაჭერას ტაივანისადმი” და ასევე “მხარდაჭერას გამოხატავენ ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და მშვიდობის მიმართ”.
შეგახსენებთ, ტაივანს რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სტუმრობდა, რამაც ჩინეთის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა კუნძულის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.