ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა 35 მილიარდი ევრო დახარჯა რუსულ საწვავზე, მაშინ როცა უკრაინის შეარაღებასა და იარაღზე მხოლოდ 1 მილიარდი ევრო.
“ჩვენ უნდა დავეხმაროთ [უკრაინელებს] თავის დაცვაში… ჩვენ უკრაინას მივეცით 1 მილიარდი ევრო. ეს შეიძლება ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად იმ ენერგიისთვის, რომელსაც ის გვაძლევს”, – განუცხადა მან ევროპარლამენტს.
ევროკავშირის ელჩები იკრიბებიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის განსახილველად, რომელიც რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მუშაობს დამატებით ზომებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტის შეზღუდვაზე.