საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ენმ-ს დეპუტატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
“ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმეა ომის პირობებში” – აღნიშნავს დეკანოიძე.
გიორგი ლორთქიფანიძე ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსიც იყო, ის 2016 წელს გადადგა.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის საქართველოს პროკურატურას ორი ბრალი აქვს წარდგენილი – გიორგი ლორთქიფანიძეს მიხეილ სააკაშვილის დახმარებას ედავებიან საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეში.
გარდა ამისა, მას ბრალი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე აქვს წარდგენილი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. გიორგი ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.