“უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე რეალურად რუსეთს ეხება. რუსეთი ევროპული წესებისა და ღირებულებების წინააღმდეგ გამოდის. პრაგმატული თვალსაზრისით, ძლიერი უკრაინის არსებობა მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია.
თუ ევროპული დახმარება შეწყდება, შედეგები შეიძლება იყოს მხოლოდ სახიფათო, ან ძალიან სახიფათო.
სახიფათო: რუსეთი გააგრძელებს თავის ჰიბრიდულ თავდასხმებს, როგორც ეს მან უკვე მრავალჯერ გააკეთა მოლდოვაში, რუმინეთში, ბულგარეთში, გერმანიაშიც კი და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა ფინეთი და დანია. ისინი ამის მასობრივად კეთებას დაიწყებენ. ეს რბილი სცენარია.
ძალიან სახიფათო: რუსეთი ევროპის სიღრმეში წაიწევს წინ. პუტინს სსრკ-ის აღდგენა და სსრკ-ში დაბრუნება სურს. რას ნიშნავს ეს? გავლენის ქონას ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებზე, სულ მცირე ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და მოლდოვაზე. ანუ საუბარია იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ნატოს წევრები არიან, ეს კი ნიშნავს, რომ ნატოს რეაგირება მოუწევს. პროცესში ჩაერთვება მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები.
საფრთხეები ზღვაზეც არსებობს. რუსეთს შეუძლია ბალტიის ზღვა ისევე დაბლოკოს, როგორც შავ ზღვას ბლოკავს. უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ რეალობას, არამედ უფრო მეტად ფილოსოფიას.
პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის – ჩვენი დედაქალაქის ოკუპაცია გადაწყვიტა. მისი სიტყვები დონბასს ეხებოდა, რეალობა კი – კიევს. ის მუდმივად იმეორებდა, რომ რუსულენოვან მოსახლეობას იცავდა, შემდეგ კი ასობით და ათასობით ადამიანი აწამა ბუჩასა და სხვა ადგილებში. ასე რომ, საქმე სინამდვილეში რუსულენოვან ადამიანებს სულაც არ ეხებოდა.
სწორედ ამიტომ, როდესაც ამერიკელებმა მკითხეს: შეგიძლიათ თუ არა დონბასი უსაფრთხოებაზე გაცვალოთ? მე მაშინვე ვუპასუხე: შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს ეს? როგორ უსაფრთხოებას? ნატოს?
[მიპასუხეს] არა ნატოს, მაგრამ ნატოს მსგავს რამეს. მსგავსს? მაგრამ თქვენ ხომ არ გსურთ, რომ პასუხი დონბასთან დაკავშირებით “მსგავსი” იყოს.
თქვენ მკაფიო პასუხი გინდათ დონბასზე. ეს თქვენი მიზანია და ეს არის პუტინის მიზანიც დღეს. რას გააკეთებთ, თუ ჩვენ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა ნატო?
ჩვენ ბირთვული იარაღი წაგვართვეს. მე არ ვარ ბირთვული იარაღის მომხრე. ვფიქრობ, სამყარო მის გარეშე უკეთესი იქნებოდა. მაგრამ რუსებმა წაიღეს ჩვენი ბირთვული იარაღი, ასე არ არის? წაიღეს. შემდეგ მათ შეაჩერეს ჩვენი ევროინტეგრაცია, შემდეგ არ მოგვცეს ნატოში ყოფნის საშუალება და საბოლოოდ ჩვენი ოკუპაცია მოახდინეს.
სწორედ ამიტომ არის ეს კითხვა აბსტრაქტული. არავის სჯერა, რომ პუტინი გაჩერდება, თუ ჩვენ დონბასს დავტოვებთ. ის უბრალოდ პაუზას აიღებს, ხოლო შემდეგ – ერთი, ორი ან ხუთი წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდება. და ვინ იქნება ამაში დამნაშავე?
რუსეთის ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა პოზიციების შენარჩუნება და მოლაპარაკებებზე გადასვლაა. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ: ვჩერდებით იქ, სადაც ვდგავართ, ვწყვეტთ ცეცხლს და გადავდივართ დიპლომატიურ გზაზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ორი თვე ან წელიწადი. ან უფრო დიდხანსაც, მაგრამ ჩვენ ვასრულებთ ომის ცხელ ფაზას და ადამიანები აღარ იღუპებიან.
როდესაც პოზიციებს ინარჩუნებთ, თქვენ საუბრობთ შეხების ხაზზე, ანელებთ მობილიზაციის ტემპებს, ეკონომიკა იწყებს მუშაობას. თქვენ აწარმოებთ მოლაპარაკებებს. დიალოგი სჯობს იარაღს. სწორედ ამიტომ, ამ ომის დასრულების საუკეთესო გზა იარაღის სიტყვებით ჩანაცვლებაა. რა თქმა უნდა, თქვენ ათასობით კითხვა გაგიჩნდებათ. როგორ შევჩერდეთ? სად დავდგეთ? რა მანდატი ექნება სადამკვირვებლო მისიას? რა დემილიტარიზდება? რას ნიშნავს ეს? რა გვჭირდება ამისთვის? ევროპელები. აღდგენა. საიდან მოვიტანოთ ფული? ათასობით კითხვაა, მაგრამ სწორედ ასეთი ფორმატი იძლევა ომის შეჩერების შესაძლებლობას – ცეცხლის შეწყვეტა. თუ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამბობს: არა, მე მინდა გრძელვადიანი გეგმა სხვადასხვა საკითხებით – რთულით, სენსიტიურით და არც ისე სენსიტიურით. და შემდეგ, როდესაც ამ გრძელვადიან გეგმას ხელს მოვაწერთ, შევწყვეტთ ომს – ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მას ომის შეჩერება არ სურს” | ამბობს უკრაინის პრეზიდენტი დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.