გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებას ელიან, იმ პირობით, რომ ისინი ბლოკის გვერდით დადგებიან მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისა და ინდუსტრიული კონკურენტების წინააღმდეგ.
გეგმის მიხედვით, კანდიდატ ქვეყნებს, სანამ მათი განცხადებები განხილვის პროცესშია, ერთიანი ბაზრის უპრეცედენტო ეტაპობრივ ინტეგრაციას შესთავაზებენ, მათ შორის შეუფერხებელ ვაჭრობასა და კვლევით პროგრამებზე წვდომას.
“ერთიანი ბაზარი ეკონომიკური კონვერგენციის უპირველესი პრიორიტეტია”, – ნათქვამია “გაფართოებამდელი” სარგებლის მიმოხილვაში, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს უნდა შესთავაზონ.
“ადრეული ინტეგრაცია შესაძლებლობებს გაუხსნის ევროკავშირის ბიზნესს, გააძლიერებს ევროპულ ღირებულებათა ჯაჭვს და შეამცირებს სტრატეგიულ დამოკიდებულებებს. კომისია განსაზღვრავს სფეროებს, სადაც გადამოწმებული მარეგულირებელი თავსებადობა და აღსრულების შესაძლებლობები კვლევებში, ინოვაციებსა და ინდუსტრიულ თანამშრომლობაში უფრო ღრმა ჩართულობისა და ბაზარზე უფრო ფართო წვდომის საშუალებას იძლევა. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც წინ წასწევს გაწევრიანებისათვის მოსამზადებელ ეტაპს და უპასუხებს საერთო ეკონომიკურ და სტრატეგიულ საჭიროებებს”. – წერია პროექტში.
მიმოხილვა, რომელსაც ფონ დერ ლაიენის მთავარი მრჩეველი ალექსანდრ ადამი – საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ყოფილი თანაშემწე – ხელმძღვანელობდა, მნიშვნელოვნად შეცვლის მეზობელი ქვეყნებისადმი ევროკავშირის მიდგომას. ამ ეტაპზე მჭიდრო თანამშრომლობის თითქმის ყველა ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ წევრებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა 2013 წელს ხორვატიის გაწევრიანების შემდეგ ბლოკს ახალი სახელმწიფო არ დამატებია.
ადამის მიერ შემუშავებული ზომების პაკეტის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს შესთავაზებენ “საგზაო რუკებს”, რომელთა მიზანიც მომდევნო წლებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაა. სხვების – მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, სერბეთისა და თურქეთის – შემთხვევაში პროცესი გაჭიანურდა და გაიზარდა შიში იმისა, რომ ისინი შესაძლოა პროცესს ჩამოშორდნენ ან რუსეთისა და ჩინეთის ორბიტაზე გადაინაცვლონ.
კომისიის გეგმის თანახმად, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერაზე, ხოლო ერთიან ბაზარზე წვდომა – იმაზე, რომ ისინი საკვანძო ტექნოლოგიებს არ გაუზიარებენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებსა და სავაჭრო კონკურენტებს.
“ინდუსტრიული და საბაზრო ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, სენსიტიურ სექტორებში მონაწილეობას თან უნდა ახლდეს თანამშრომლობა ინვესტიციების შემოწმების, ექსპორტის კონტროლის, სანქციების აღსრულებისა და სენსიტიური ტექნოლოგიების დაცვის კუთხით.
წვდომის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სტრატეგიული თავსებადობა, კრიტიკული დამოკიდებულებები და ინფრასტრუქტურისა და მიწოდების ჯაჭვების რისკების მართვის შესაძლებლობები. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს პირობები არ სრულდება, მონაწილეობის მასშტაბი შესაბამისი ინსტრუმენტის საფუძველზე უნდა დაკორექტირდეს”, – აღნიშნულია მიმოხილვის დოკუმენტში.
უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის განსახილველ სფეროებს შორისაა ნახევარგამტარები, კვანტური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და კოსმოსი.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, ფონ დერ ლაიენი მოლაპარაკებებისთვის ალბანეთს 7 ოქტომბერს ეწვევა. იგი ასევე ჩავა კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, ორივე ქვეყანა ახალი გეგმის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზის მიღმა რჩება. ფონ დერ ლაიენი ამ ვიზიტს და უფრო მჭიდრო დაახლოებისგან ეკონომიკური სარგებლის მოთხოვნისთვის გამოიყენებს.
მიმოხილვის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნების საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა უნდა იყოს. „თუმცა გაწევრიანებას დრო სჭირდება: კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ მკაცრი, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და განახორციელონ გრძელვადიან პერსპექტივაში შორსმწვდომი რეფორმები. ეს დრო სრულად სტრატეგიულად უნდა იყოს გამოყენებული, რათა როგორც გაერთიანება მომზადდეს გაფართოებისთვის, ისე გაღრმავდეს ეტაპობრივი ინტეგრაცია ორმხრივი ინტერესის სფეროებში”. – აღნიშნულია დოკუმენტში.
თუმცა, სარგებელი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეასრულებენ თუ არა ქვეყნები თავიანთ წილ ვალდებულებას: “თუ ეს ვალდებულებები არ შესრულდება, მონაწილეობა შექცევადი უნდა დარჩეს. წვდომა უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს, სადაც ეს გამართლებულია”, – ნათქვამია წინადადებაში.
ევროკავშირის მოქმედმა წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს ბლოკში ისეთი ახალი ქვეყნების მიღების პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლოა შემდგომში უარი თქვან საკუთარ ვალდებულებებზე და ძირითადი პოლიტიკა თავდაყირა დააყენონ. პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში, უნგრეთმა გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა დაებლოკა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები და უკრაინის მხარდაჭერა.
ადამის მიმოხილვა – რომელიც უმაღლესი რანგის პირებს 6 ოქტომბერს, დასავლეთ ბალკანეთიდან ფონ დერ ლაიენის დაბრუნების შემდეგ წარედგინება – ახალ პირობებს შესთავაზებს ბლოკში გაწევრიანების მსურველებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისინი დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში უკან არ დაიხევენ.
“გაწევრიანების პროცესმა იურიდიულ თავსებადობაზე მეტი უნდა დაადგინოს”, – წერია დოკუმენტში – “ინსტიტუციებმა პრაქტიკაში უნდა იმუშაონ, რეფორმები კი მტკიცე უნდა იყოს. შესაბამისად, მონიტორინგი, წახალისება და აღსრულება უნდა ქმნიდეს უწყვეტ ჩარჩოს, რომელიც გაწევრიანების შემდგომ ეტაპზეც გავრცელდება”.
მიმოხილვის თანახმად, ბლოკს შეუძლია შეცვალოს საკუთარი წესები, რათა ნაკლებად მოწყვლადი გახდეს ცალკეულ წევრთა ახირებების მიმართ ისე, რომ არ გახდეს საჭირო ევროკავშირის სამართლის ფუნდამენტური მუხლების გადახედვა და ბლოკის მასშტაბით ეროვნული რეფერენდუმების შესაძლო გამოწვევა.
“კომისია მხარს უჭერს ხელშეკრულებების ცვლილებას იქ, სადაც ეს აუცილებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ ის ზომები, რომლებიც ხელშეკრულებებით უკვე ხელმისაწვდომია, ახლავე უნდა ამოქმედდეს”, – აღნიშნულია დასკვნაში. განსახილველ ვარიანტებს შორისაა ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღებას წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობით.
“ხელშეკრულებების თანახმად, კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა უკვე ზოგადი წესია, თუმცა ერთსულოვნების პრინციპი რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროში კვლავაც ნარჩუნდება. წევრთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, შეფერხების ან დაბლოკვის რისკი სავარაუდოდ მოიმატებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.
მიმოხილვის მიხედვით, ე.წ. “გადასასვლელი მუხლები”, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ერთიანობის ნაცვლად ხმათა უმრავლესობით იძლევა, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სანქციების მიღების, ადამიანის უფლებათა კრიზისებზე რეაგირებისა და კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო მისიების გაგზავნის პროცესის გასამარტივებლად. თუმცა ამ მუხლების გასააქტიურებლად თავდაპირველად წევრი ქვეყნების ერთიანი მხარდაჭერაა საჭირო.
15 ოქტომბრიდან ბრიუსელში დაგეგმილ ორდღიან სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ ჩაერთონ დისკუსიაში იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ ბლოკში ახალი წევრები და რა შესთავაზონ მათ, ვინც ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია.
გაფართოების საკითხების ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ახალი წინადადებები, პროცესის დასაჩქარებლად ევროპული დედაქალაქების მხარდაჭერასთან ერთად, იძლევა “გაფართოების შემოდგომის” შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც უპრეცედენტო ცვლილებების განხორციელება გახდება შესაძლებელი.