კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი ზურა ჯაფარიძემ გააკეთა.
“იმაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, რომ ვაშინგტონსა და ქართულ ოცნებას შორის რაღაც ნორმალიზება მოხდეს. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, ასევე ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში რა არის აშშ-ს ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება […] ამის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა. როცა ლაპარაკია აშშ-ს ინტერესებზე – ამ ადმინისტრაციის პირობებში მეტწილად საუბარია აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებზე, ამას სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა სჭირდება, რაც ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებია და რაც არ გვაქვს. ჩვენი გზავნილიც ეს იყო, რომ ჩვენც ამისთვის ვიბრძვით […]
სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს 10-წლიან ვიზას იძლეოდნენ, დღეს კი 1-თვიანი ვიზა რომ აიღო, აშშ-ში ერთი შესვლით, დეპოზიტზე 15 000 დოლარი უნდა გქონდეს. ურთიერთობა ასეთი გაუარესებულია. ამ ყველაფერზეც იყო ლაპარაკი”. – თქვა ჯაფარიძემ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.