ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
კუპრაშვილის თქმით, მისი არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოში, მისი შეფასებით, მედიასა და სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა იზრდება და ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ამ ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს.
„ვიცით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული მედია და სამოქალაქო სექტორი – ბოლო პერიოდში არაერთი კანონი მიიღეს და კვლავაც მიიღება, რაც ამ ორგანიზაციების მუშაობას ზღუდავს. ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციონირებს ქართულ-ევროპული საბჭო, რომელიც შექმნილია ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმების მოქმედება არ შეჩერებულა, პირიქით, ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ ქვეყანა ასოცირების დღის წესრიგს მიჰყვება. შესაბამისად, ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მედია და სამოქალაქო სექტორი სწორედ ამ ფორმატში გააქტიურდეს და გამოიყენოს მოქმედი მექანიზმები“, – განაცხადა მან.
კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკური გამოწვევებისა, ასოცირების დღის წესრიგი ოფიციალურად კვლავ ძალაშია და სწორედ ეს შეთანხმება ქმნის დამატებით ბერკეტებს მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დამოუკიდებელი ფუნქციონირებისთვის.
„ასოცირების ხელშეკრულება უფრო მაღალი დონის დოკუმენტია, ვიდრე შემდგომ მიღებული ნებისმიერი კანონი მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც გამოვიყენებთ დამოუკიდებელი ფუნქციონირების დასაცავად“, – ამბობს კუპრაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საბჭოს წევრებმა და ევროპელმა პარტნიორებმა აქტიური მუშაობის გეგმაზე შეთანხმებას მიაღწიეს. მისი თქმით, მომდევნო ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით.
კუპრაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ 9 აპრილის სიმბოლურ კონტექსტში აღნიშნული პროცესები დამატებით მნიშვნელობას იძენს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.