ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – მას ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოუტანეს, – ინფორმაციას Interpressnews ავრცელებს. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თეკლა გერსამია დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
თეკლა გერსამიას ბრალად ქმრის მკვლელობა ედება. შემთხვევა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა. ქალს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.