- ოთო კონჯარია
აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული F-15-ის გადარჩენილი მეორე პილოტი უკვე სამშვიდობოს გაიყვანა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის თავზე ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის, F-15-ის მეორე პილოტი ღამის სამაშველო ოპერაციის შედეგად იპოვეს და მისი ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.ამ დროისთვის აშშ-ის ყველა ძალა ირანიდან გამოყვანილია.
ამრიგად, ერთ-ერთმა ამერიკელმა მფრინავმა თითქმის ორი დღე დაჰყო მტრის ზურგში და მოახერხა, რომ არ აღმოეჩინათ.
დონალდ ტრამპი:
“ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედროებმა გაგზავნეს ათეულობით თვითმფრინავი, აღჭურვილი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი იარაღით, მის გამოსაყვანად. მან მიიღო დაზიანებები, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ემატება გუშინდელ კიდევ ერთი მამაცი პილოტის წარმატებულ გადარჩენას, რაც ჩვენ არ დავადასტურეთ, რადგან არ გვინდოდა საფრთხე შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის”.
“სამხედრო მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ორი პილოტი ცალ-ცალკე გადაარჩინეს მტრის ტერიტორიის სიღრმეში. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ ამერიკელ მეომარს მტრის ხელში! ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ორივე ამ ოპერაციის განხორციელება ისე, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა და არც კი დაშავებულა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ საჰაერო დომინირებას და უპირატესობას ირანის ცაზე. ეს არის მომენტი, რომლითაც ყველა ამერიკელი — რესპუბლიკელი, დემოკრატი თუ ნებისმიერი სხვა — უნდა ამაყობდეს და რის გარშემოც უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ნამდვილად გვყავს საუკეთესო, ყველაზე პროფესიონალური და მომაკვდინებელი არმია მსოფლიოს ისტორიაში. ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები და ყველას გილოცავთ აღდგომას!“
New York Times:
„ფინალური შემობრუნებისას, შეიარაღების ოფიცრის გადარჩენის შემდეგ, ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებსაც სპეცრაზმი და მფრინავები უსაფრთხო ადგილას უნდა გადაეყვანათ, ირანის დისტანციურ ბაზაზე “გაიჭედა”. სარდლობამ გადაწყვიტა გაეგზავნა სამი ახალი თვითმფრინავი აშშ-ის მთელი პერსონალისა და მფრინავების გამოსაყვანად, ხოლო მწყობრიდან გამოსული ორი თვითმფრინავი ააფეთქეს, რათა ისინი ირანელების ხელში არ ჩავარდნილიყო.“
აშშ-ის მაღალჩინოსანმა სამხედრომ მფრინავის გადარჩენის მისია აღწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური აშშ-ის სპეცოპერაციების ისტორიაში.