საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალიას პროცესი იწყება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომაც, წინა სხდომების მსგავსად, დახურული იქნება – დარბაზში არც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლობლებს და არც მედიას შეუშვებენ.
არსებული ინფორმაციით, პროცესზე სახელმწიფო ბრალდება იმ ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევს, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში დევს და რომელიც ასევე მედიაში გავრცელდა.
ბაჩო ახალიაის მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებში ბაჩო ახალიას ვერ იპოვიან, რადგან ის 4 ოქტომბერს ქუჩაში არ გამოსულა.
ამასთან, ანი ნადარეიშვილმა ირაკლი კობახიძესაც მიმართა. მისი თქმით, სწორედ კობახიძეა ის პირი, ვინც აღნიშნული პროცესების დახურვა მოითხოვა.
მხოლოდ და მხოლოდ ფაქტზე დაიწყეს გამოძიება ანუ ბრალი არ წაუყენებიათ და ვერც წაუყენებენ, იმიტომ, რომ ეს იყო ჩვეულებრივად დაშინების მცდელობა ადამიანების. ის მუხლი, 317, რომლითაც დაიწყეს გამოძიება, ამბობს, რომ მოწოდება უნდა იყოს საჯარო და უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. და, არც საჯარო იყო მოწოდება, იმიტომ, რომ დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და მეორეც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელწიფო და კონსტიტუცია.
არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, არანაირი მოწე არ ჰყავთ და არ ვიცი რა უნდა გააკეთონ. ალბათ დავლურს ჩამოუვლიან, უფრო სწორად, “კალინკას” იცეკვებს ალბათ მოსამართლე და პროკურორი ერთად, მეტი არ ვიცი რა უნდა გააკეთონ.
მოვუწოდებ კობახიძეს, გახადოს ღია და საჯარო პროცესი, – თქვა ანი ნადარეიშვილმა პროცესის დაწყებამდე.
შეგახსებებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
საქმე ეხება ახალაიას სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა: „ივანიშვილი არის დასამხობი“. ვიდეოჩანაწერი, რომელიც, მისი მეუღლის განცხადებით, დახურულ სასამართლო სხდომაზეა გადაღებული, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა.
ახალაია ასევე ბრალდებულია ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე – მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.