ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ვიზიტის მიზანი დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
“ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გამიმყარა მოსაზრება, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ.
მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება”. – თქვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემა საზოგადოებასა და პოლიტიკურ მხარეებს შორის არსებული პოლარიზაციაა.
“ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ქვეყანას თავისი პოტენციალის გამოვლენაში ხელს უშლის. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ საკითხზე ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ ერთად ვმუშაობთ – იგივეს ველოდებით საქართველოში მყოფი პოლიტიკური ლიდერებისგან”. – ამბობს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, ლუის გრასა.
ლუი გრასა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება.
“კიდევ ერთხელ განვმარტავ, როგორც ეს 2025 წლის ოქტომბერში ვთქვი: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით და არა ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული”. – თქვა გრასამ.
“აქ არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანოების საქმე არაა. ეს ქართველი ხალხისა და ლიდერების გადასაწყვეტია. იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ”. – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, ბარონეს კრისტინ ბლოუერმა.
ეუთო-ს განცხადებით, დელეგაციამ სინანულით აღნიშნა მმართველი პარტიის წევრების მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ მიმართული მცდელობები, რაც, მათივე თქმით, სავარაუდოდ, განხეთქილებას გაამწვავებს და კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს.
“ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წინსვლის გზა არაა”. – წერია განცხადებაში.