ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით არ მჟღავნდება.
ამის შესახებ ასამბლეის წევრები ირანულ მედიასთან საუბარში აცხადებენ.
“ლიდერის დანიშვნის კენჭისყრა უკვე ჩატარდა და ლიდერი არჩეულია” – თქვა ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აჰმად ალამოლჰოდამ, ირანული მედია Mehr-ის ცნობით.
მისი თქმით, ასამბლეის სამდივნო არჩეული პირის სახელს მოგვიანებით გამოაცხადებს.
გადაწყვეტილების მიღების ფაქტს ასამბლეის სხვა წევრებიც ადასტურებენ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა მიანიშნა, რომ თანამდებობას ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, შვილი დაიკავებს.
“წარმომადგენლების მიერ არჩეული პირის სახელი ‘დიდ სატანასაც’ [აშშ-საც] ჰყავს ნახსენები” – თქვა ასამბლეის ერთ-ერთმა, წევრმა მოჰსენ ჰეიდარიმ, ირანული ISNA-ს მიხედვით.
ცნობისთვის, 4 მარტს ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ სწორედ მოჯთაბა ხამენეი აირჩია. თუმცა, ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბას არჩევა ოფიციალურად დღემდე არ დადასტურებულა.
მოჯთაბას კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის მისაღები არ იქნებოდა, ხოლო ისრაელმა აღნიშნა, რომ მოჯთაბა შესაძლოა, მათი შემდეგი სამიზნე გახდეს