სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ გაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ პრემიერმინისტრების დონეზე გვქონდა საშუალება, რომ გვესაუბრა წარსულზე. მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად. ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში. ესაა იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფუძნეს მშვიდობა.
მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვისურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი, ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები, იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება”. – თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან ირაკლი კობახიძეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა TRIPP-ის [ტრამპის მარშრუტი] პროექტთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ურთიერთობებზე.
“მე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე თუ რა ხდება სომხეთში რეგიონული, საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მოვახსენე თუ რა ხდება TRIPP-ის [ტრამპის მარშრუტი] პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის და თურქეთთან ურთიერთობის პროცესებში. ასევე მოვუყევი სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი წარსულში – სომეხთი-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ამაზე გვქონდა საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, რაზეც მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ხელშესახები შედეგებიც გვქენება”. – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, საქართველომ და სომხეთმა უნდა ნახონ სად შეიძლება უფრო მეტად აქტიური და ქმედითი თანამშრომლობა “არსებული გამოწვევების დასაძლევად და იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რაც გაგვაჩნია”.
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 3 მარტს ეწვია. 4 მარტს ვიზიტის ფარგლებში საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.