ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ლიდერმა, ნინო წილოსანმა “ქართული ოცნების” მთავრობის განცხადება, სადაც მთავრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას აიათოლა ხამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვას უსამძიმრებს.
იცით, რომ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა ყველა ქვეყანას, რომელიც ამ სამხედრო ესკალაციის პროცესშია ჩართული, ყველა იქ გარდაცვლილს – როგორც სახელისუფლებო, ასევე მშვიდობიან მოქალაქეს. ამ სამძიმარს, რა თქმა უნდა, ვუერთდები”, – განაცხადა წილოსანმა და მედიას უთხრა, რომ „მარტივი პრინციპიც არ იციან როგორ მოქმედებს ადამიანის უფლებები და დემოკრატია.
მკვლელის მკვლელი სამართლებრივად კონკრეტული დეფინიციაა. უფრო დიდ მასშტაბზე არ გადავდივარ. ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი.
სამძიმართან დაკავშირებით იხილეთ მთავრობის განცხადება, სადაც ყველა უმძიმეს ფაქტთან არის სამძიმარი გამოთქმული”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
წილოსანი ამბობს, რომ “ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი – ირანი იქნება თუ ისრაელი, სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა”.
„ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რეგიონში მიმდინარე წარმოუდგენელი არეულობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ირანი იქნება თუ ისრაელი, სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. დიდი დანაკარგი ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც არის. სამხედრო ჩარევის მასშტაბი წარმოუდგენლად დიდია. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის დეესკალაციას ვემხრობით დიპლომატიური არხების საშუალებით, რადგან ომი და სამხედრო დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ყველა ჩართულ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ დიპლომატიური საშუალებები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა წილოსანმა.