მთავარისიახლეებიპოლიტიკამარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

Published on

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე აშშ-ს “რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი” უწოდა, ისლამური რეჟიმის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, სოლიდარობა გამოუცხადა და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც ისრაელმა ბოლო წლებში დახოცა, “მოწამეებად” მოიხსენია.

ამასთან, ქადაგების წარმოთქმის დროს მეჩეთში განთავსებული იყო ხამენეის პოსტერი, ხოლო დარბაზში შეკრებილთაგან რამდენიმე პირს აღმართული ჰქონდა აიათოლა ალი ხამენეის პოსტერები.

ჰაჯიევმა მსმენელებს ასევე მოუწოდა, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში “მუჯთაჰიდს,” რაშიც მან, დიდი ალბათობით, აიათოლა ალი ხამენეი იგულისხმა:

“დღეს ყველამ უნდა განსაზღვროს საკუთარი გზა. თუ შენ იმამ ზამანის გამოჩენას ევედრები, უნდა იდგე იმ მუჯთაჰიდის [ხამენეის] გვერდით, რომელიც მან ჩვენ მოგვანდო. თუ ფიზიკურად ვერ დგახარ მის გვერდით, სიტყვით მაინც უნდა დაუჭირო მხარი. ხოლო თუ სიტყვითაც ვერ უჭერ მხარს და სოციალურ ქსელში მისი ფოტოს გაზიარებისაც გეშინია, მაშინ შენ გულწრფელად არ იძახებ იმამ ზამანს.” – თქვა მან.

ახუნდი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში პროირანული ე.წ. “წინააღმდეგობის ღერძის” არ არსებობის შემთხვევაში, რომელიც თეირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებებს მოიცავს, რეგიონში “მტერი თავის მიზნებს სრულად მიაღწევდა”.

“დღეს რომ არ არსებულიყო წინააღმდეგობის ფრონტი, ახლო აღმოსავლეთში, იემენში, პალესტინაში, ერაყში, ნაწილობრივ სირიაში და განსაკუთრებით ის წინააღმდეგობის ხაზი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ხელმძღვანელობს – მტერი რეგიონში სრულად მიაღწევდა თავის მიზნებს.” – თქვა იმამ ალის მეჩეთის ახუნდმა 2 თებერვალს ქადაგების წარმოთქმისას. 

ჰაჯიევის თქმით, ხამენეი “არის ის უნიკალური პიროვნება, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს მუსლიმებისა და ჩაგრული ხალხების სულიერ ლიდერად აღიქმება.”

“არსებობენ სუნიტი მეცნიერები, რომლებიც საკუთარ გამოსვლებში ღიად აცხადებენ: “აიათოლა სეიდ ალი ხამენეი ჩვენი ლიდერიც არის”. რატომ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ პალესტინაში, ღაზაში მცხოვრებ სუნიტ მუსლიმებს ბანი-ჰაშიმის შთამომავლები მათთან ერთად იცავდნენ. ამ გზაზე მოწამებრივად დაიღუპა სეიდ ჰასან ნასრალლა, ამავე გზაზე დაიღუპა მოწამე სეიდ საფიედინი. ისინი ერთ ფრონტზე იდგნენ იაჰია სინვართან და ისმაილ ჰანიესთან ერთად.” – დაამატა მან.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ჰამასის მხრიდან ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხად ისრაელმა რეგიონში უკიდურესად დაასუსტა ჰამასისა და ჰეზბოლას სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურები და პროირანული ძალები, რის ფარგლებშიც ისრაელმა დახოცა ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერებიც, მათ შორის, იაჰია სინვარი და ისმაილ ჰანიეც, რომლებსაც ჰაჯიევი “მოწამეებად” მოიხსენიებს. 

ამას გარდა, ქადაგებისას ჰაჯიევმა “სიცრუე” უწოდა იანვარში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავდა იმ შემთხვევაში, თუკი საპროტესტო ტალღა კონტროლს აღარ დაექვემდებარებოდა. 

“ვხედავთ, რომ ცრუ მედიასაშუალებები – სიონიზმს, იუდაიზმსა და მასონობას მომსახურე მედია ავრცელებს სიცრუეს, თითქოს აიათოლა ხამენეი რუსეთში გაქცევას აპირებს.” – ამბობს ჰაჯიევი.

ამასთანავე, ჰაჯი ჰაჯიევის თქმით, ჯუმის მეჩეთის იმამები აცხადებენ, რომ “რეგიონში ყველაზე დიდი ტერორისტი, ტერორის ორგანიზატორი და ტერორის მხარდამჭერი ქვეყანა თავად ამერიკაა,” რომელიც, მისი ქადაგების მიხედვით, “სირიაში, ერაყში, ღაზაში, ავღანეთში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში მილიონობით ადამიანის მკვლელობაზე ხელმოწერილი ტერორისტული სახელმწიფოა.”

“ამავე დროს, სიონისტური რეჟიმი – ყალბი ისრაელის რეჟიმი, რომელიც მათ შექმნეს – აიათოლა ხამენეის წინააღმდეგ მიმართავს მუქარებსა და ტერაქტის მოწოდებებს, რასაც მსოფლიო უნდა იცნობდეს: ეს მუქარები მთელ მსოფლიოში მისი ყველა მიმდევრის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. ეს საერთაშორისო დანაშაულია.” – ამბობს ჰაჯიევი.

ქადაგების დროს ჰაჯიევმა დეკემბრის ბოლოს ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღაზეც ილაპარაკა და დემონსტრანტებს ბრალი დასდო ვიღაცის “დავალებით არეულობის შექმნაში”.

“თუ შენ ფასების ზრდას აპროტესტებ, რატომ წვავ მეჩეთებს? რატომ წვავ ქვეყნის დროშას? რატომ კლავ პოლიციელს? ეს ნიშნავს, რომ შენი პრობლემა ფასები არ არის. შენი პრობლემა ის არის, რომ ვიღაცას ემსახურები და არეულობის შესაქმნელად დავალება გაქვს მიღებული.” – თქვა მან.

ახუნდმა ასევე გაიმეორა ხამენეის მუქარა, რომ “თუ მტერი კიდევ ერთხელ ჩაიდენს სიგიჟეს, ის რეგიონში დამამცირებლად დამარცხდება.” 

ჰაჯიევის მტკიცებით, ხამენეი “ბასირათიანი ექიმივით ხედავს მოვლენებს.” “დღეს მსოფლიოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკოსი ან პიროვნება, რომელიც ამ ასაკში ყველა კითხვას მკაფიოდ და ზუსტად უპასუხებს,” დაამატა მან.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.

ამასთანავე, ტრამპმა 13 თებერვალს ირანში რეჟიმის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს “როგორც ჩანს, საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს.” მან ასევე დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდიც გაგზავნა იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანის რეჟიმი აშშ-სთან “სწორ შეთანხმებას” არ დადებს. პარალელურად, გამოცემა Reuters წერს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანთან გრძელვადიანი დაპირისპირების შესაძლებლობისთვის ემზადება.

დეკემბრის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ასობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, თუმცა, მალევე პროტესტი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა, ხოლო რეჟიმმა აქციების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობა დაიწყო. 

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 7 008-ს აღწევს, მათგან 219 ბავშვია, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 53 300-ს აღემატება.

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...