პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ წლებია გადასახადების შემცირებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
ფასების კომისიის სხდომაზე კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ პირდაპირ თქვა, რომ კვერცხზე ფასის დაწევა და დეკემბრის ნიშნულზე დაბრუნება მათი კეთილი ნება იყო და ეს საკუთარი მოგების ხარჯზე გააკეთეს.
5.65 არის ჩვენი შესატანი ფასი. გავაძვირეთ კვერცხი 9 იანვრიდან. 25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, თითქოს რაღაც საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი, გვქონდა საშუალება, სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით, რომ ჩვენ რაღაც დიდი მარჟა გვქონდა ამის, უბრალოდ, ჩვენი მოგების ხარჯზე დავუბრუნდით, – თქვა სხდომაზე კვერცხის მწარმოებელი კომპანია „დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ.
თავის მხრივ, მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება გახარიას გუნდის წევრმა გიორგი შარაშიძემ. მისი თქმით, თუ ხალხი მომატებული ფასებით უკმაყოფილოა, ეს, პირველ რიგში, სწორედ “ოცნების” გამოა.
თუ ვინმე დამნაშავე პირდაპირ და ირიბად შეიძლება, იყოს, ეს არის მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს და ხშირად მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მადლობა ბიზნესს, მაგრამ იგივე მადლობას მთავრობას ვერ გადავუხდით, იმიტომ, რომ თუ ხალხი მაღალი ფასებით შეწუხებულია, ეს, პირველ რიგში, მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია, – თქვა გიორგი შარაშიძემ, რამაც “ოცნების” წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.
ფასების კომისია ამ წუთებში უკვე ხორცპროდუქტების მწარმოებლებს უსმენს. როგორც კვერცხის მწარმოებლებისგან, ასევე ხორცპროდუქტების მწარმოებლებისგანაც გამოიკვეთა, რომ მთავარი პრობლემა, რის გამოც ფასები იზრდება, ე.წ. ქეშბექია.
ჩვენი ფასის 45% არის თვითღირებულება და 36-37% არის ქეშბექი. დანარჩენი უკვე ხარკები – ადმინისტრაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული გვაქვს დისტრიბუცია და ჩვენ თვითონ გვაქვს. წლიდან წლამდე ქეშბექი მზარდია, ამ პროცესებს გავდივართ ახლაც. ჩვენი გაყიდვების 90-95% არის ქსელი. ის, რაც აქამდე გვიჯდებოდა, ახლა დაგვიჯდება, სავარაუდოდ, ბევრად მეტი და ჯერ ამ კუთხით გამოსავალი არ ჩანს, იმიტომ, რომ ვერც ვინც შეიძლება, პოტენციურად ეს გაანადგუროს, ექსპერიმენტი ჩაატარა და იმხელა ხარჯებზეა კილოგრამზე საუბარი, დაახლოებით 3 და 5 ლარზე ვსაუბრობთ კილოგრამი პროდუქტის განადგურებაზე, – თქვა ბიზნესმენმა.