აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და ამბობს, რომ მხოლოდ საზღვრის კვეთის დროს გაიგო, რომ დაჯარიმებულია. მისივე თქმით, საჯარიმო ოქმი არსად არ იძებნება.
მისივე თქმით, ჯარიმა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ყოფნის გამო აქვს.
ბათუმელებთან საუბრისას მან თქვა, რომ არც იმაზე აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ლარით არის დაჯარიმებული.
მისი თქმით, თუ ვერ გაარკვია რისთვის დააჯარიმეს, ვერც გაასაჩივრებს.
“რომ ჩაებარებინათ ეს ჯარიმა, შემეძლებოდა გასაჩივრება და გადადება ამ ყველაფრის.
წესით, 30 დღის შემდეგ ითვლება ჯარიმა გამოქვეყნებულად და ჩაბარებულადაც, როცა გამოაქვეყნებენ. ამიტომ, თუ 12 იანვარს არ იყო ჯარიმა დადებული ონლაინ, ჩაბარებულადაც ვერ ჩაითვლება”, – თქვა მან ბათუმელებთან.
მისი თქმით, ის დაუკავშირდება იურისტებს საქართველოში და ასე შეეცდება ჯარიმის დეტალების დაზუსტებას და გასაჩივრებას.