უკრაინის წარმომადგენელმა რუსტემ უმეროვმა 18 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება დავოსში, შვეიცარიაში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ამის შესახებ Reuters წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული დელეგაცია ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობს ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე და აშშ-ს სრულ ინფორმაციას აწვდის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე.
უმეროვის თქმით, ის კირილ ბუდანოვთან და დავით არახამიასთან ერთად ორი დღის განმავლობაში მუშაობდა შეერთებულ შტატებში, სადაც მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. უკრაინული დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების გარანტიებსა და ეკონომიკურ შეთანხმებებზე მუშაობა იყო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 19 იანვარს იწყება და 23 იანვრამდე გაგრძელდება.