სასახლის ღობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძის და კიდევ სხვა დაკავებულების პროცესი გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე სახელმწიფო ბრალდების წერილობით და ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევს.
პროცესს, დღეს, 11 ბრალდებულიდან 9 დაესწრება. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით დღევანდელ სხდომაზე მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე კვლავ არ იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, სხდომებს მომდევნო პროცესიდან შეუერთდება.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ირაკლი შაიშმელაშვილს ის ქვეყანაში არ იმყოფება, სასამართლო კი პროცესებზე დისტანციურად ჩართვის უფლებას არ აძლევს.
მე ზოგადად როცა ვახერხებ ყოველთვის დავდივარ პროცესებზე. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პატიმრები ისე, როგორც ყველა დანარჩენი, ჯამში ახლა, ამ ქვეყანაში არის, თუ სწორად მახსოვს, 125-მდე პოლიტიკური პატიმარი. რამე განსაკუთრებულს არ ველი. ველი, რომ იქნება ჩვეულებრივი ცირკი, როგორც იყო აქამდე. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ცემი მეგობრები არიან, უბრალოდ მინდა, რომ ფიზიკურად ისინი დავინახო, სინამდვილეში ამისთვის ვარ მოსული,” – თქვა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.