თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 30 წლის კაცია დაკავებული. შსს-ის თანახმად, ის უკრაინის მოქალაქეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2003 წელს დაბადებული ა.რ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.