ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა მასშტაბურ აქციას მთავარ საგამოძიებო უწყებასთან დღეს 16:00 საათზე აანონებს.
მოთხოვნები უცვლელია – ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას და სავარუდო ორგანიზატორების დასჯას ითხოვს.
მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას აფრთხილებს, რომ ვიდრე ყველა დაკავებული საბრალდებო სკამზე შესაბამისი მუხლით არ აღმოჩნდება, ის არ გაჩერდება.
ეკა კუპატაძე საქართველოს მოსახლეობასაც მიმართავს და სთხოვს მათ, გვერდში დაუდგნენ და დღეს საღამოს პროკურატურასთან მივიდნენ.
ჩვენ პროკურატურას მივეცით გონივრული ვადა 8 იანვრამდე, მაგრამ არ გადადგმულა არცერთი ქმედითი ნაბიჯი. ის თვალთმაქცური წინადადება, რომ თითქოს პროკურატურა მზად იყო ოჯახთან შესახვედრად, არის სრული აფიორა.
მე მივმართავ პროკურატურას, თქვენ იცით, რომ გიგა ავალიანის მოკლეს წინასწარი განსაზღვრით და მოკლეს ჯგუფურად. ვიდრე ამას არ აღიარებთ და ვიდრე ყველა დამნაშავე შესაბამისი მუხლით არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მე არ გავჩერდები.
მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, თქვენი თანადგომა ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი. 8 იანვარს 16:00 საათზე მტავარი პროკურატურის წინ დადექით ჩემთან ერთად, ვიბრძოლოთ ყველამ ერთად და ვთქვათ, დედებო, მამებო, ძალიან გთხოვთ, გაიხადეთ ის პიჯაკი, რომელიც გაცვიათ თანამდებობისთვის და ჩემთან მოდით როგორც დედა და როგორც მამა.
სიცოცხლე ჩვენი შვილების არ არის უბრალო, როგორც ეს ჰგონიათ ლუკა გამყრელიძეებს. დავოცვათ ჩვენი შვილების ღირსება და სიცოცხლე. მე არ გამიზრდია შვილი იმისთვის, რომ ასე მუხანათურად მომიკლან. სპეტაკი შვილი გავზარდე. ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ ყველა დამნაშავეს, ექიმებით დამთავრებულს, არ დავსვამ საბრალდებო სკამზე, – ამბობს ეკა კუპატაძე.
ეკა კუპატაძე საუბრობს მტკიცებულებების გაყალბებაზეც. მისი თქმით, ექიმმა, რომელმაც გიგა ავალიანის ოპერაცია დაგიანებით ჩაუტარა, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ყველა დაზიანება სრულყოფილად არ აღწერა.
ჩვენ ჩავრთეთ საზღვარგარეთიდან ექიმები, საქართველოდან ბევრი ექიმი ჩავრთეთ გიგას სიცოცხლის გადარჩენისთვის და ვიცოდით, რომ გიგა ვერ გადარჩებოდა, მაგრამ კლინიკამ, ექიმმა ნიკა ზირაქაშვილმა, როცა გაანალიზა, რომ თვითონაც დააშავა და 4 საათნახევრის შემდეგ ჩაუტარდა გიგას ოპერაცია, მან უკვე დაიწყო საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრი და უკვე იმ წამიდან დაიწყო გაყალბება საქმის მასალების. აბსოლუტურად ყველაფერს გამოვიძიებ, ყველა წვრილმანს ჩავყვები ბოლომდე. დაიწყო თვითგადარჩენაზე ზრუნვა და გიგას ყველა დაზიანება არ არის აღწერილი, რომ თითქოს მარტო ერთი დარტყმა იყო და არ ეტყობოდა თითქოს ძალადობის კვალი. იმისთვის, რომ შეენიღბა თავისი თავი, არ აღწერა გიგას დაზიანებები. თითქოს არაფერი ეტყობოდა და ამიტომ ეგონათ ნარკოტიკული თრობა. ჩემი შვილი ალკოჰოლური სასმელით არ დამთვრალა და გადამთრალა, სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკებს მიიღებდა?
4 დაკავებულიდან არცერთი არ არის სწორი მუხლით დაკავებული, – ამბობს ავალიანის დედა.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრები და ნათესავების მთავარი მოთხოვნაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან თვლიან, რომ ესაა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული.