ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით
რექტორთა კონფერენციები ივანიშვილის პარტიას მოუწოდებენ არ მოიყვანონ სისრულეში მათ მიერ დაინიცირებული განათლების რეფორმა. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში, რექტორთა კონფერენციების წევრები, წერენ, რომ დაანონსებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გაუქმებას საქართველოში.
განცხადებაში საუბარია, რომ კონცეფციაში გათვალისწინებული ზომები მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურის სრულად დემონტაჟს და დარჩენილი ნაწილის სრული პოლიტიკური კონტროლისა და ხელმძღვანელობის ქვეშ მოქცევას.
ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა “ქართული განათლება საფრთხეშია” ავრცელებს.
“ავსტრიის (fhk, uniko), გერმანიის (HRK), პოლონეთის (CRASP) და სლოვაკეთის (SRC) რექტორთა კონფერენციები ღრმად შეშფოთებულნი არიან საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ 2025 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ემუქრება უნივერსიტეტის ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გაუქმებას საქართველოში.
კონცეფცია ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელთა დაცვის პასუხისმგებლობა საქართველომ ბოლონიის პროცესის და შესაბამისად, ევროპის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სივრცის წევრობით აიღო. კონცეფციაში გათვალისწინებული ზომები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემისა და დაფინანსების რესტრუქტურიზაციის, სწავლის, კვლევისა და პერსონალის სტრუქტურის რეორგანიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურის სრულად დემონტაჟს და დარჩენილი ნაწილის სრული პოლიტიკური კონტროლისა და ხელმძღვანელობის ქვეშ მოქცევას.
დაგეგმილი რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანწილად საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მომავალს. ეს ასევე გაანადგურებს ბოლო წლების ყოვლისმომცველი რეფორმების პროცესების წარმატებებს. ამ რეფორმებმა, რომლებიც განხორციელდა ევროპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველო გახადა უმაღლესი განათლების ღირებულ ადგილად ევროპის კვლევისა და უმაღლესი განათლების სივრცეში. ამის შედეგად, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასურველი პარტნიორები არიან საერთაშორისო თანამშრომლობაში კვლევისა და სწავლების სფეროში.
ჩვენ, ამ განცხადების ხელმომწერები, ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩვენ ერთობლივად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ უარი თქვას ამ კონცეფციაზე. ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროპის კვლევისა და უმაღლესი განათლების სივრცის ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოუცხადონ სოლიდარობა საქართველოს უნივერსიტეტებს და ყველა შესაძლო გზით დაუჭირონ მათ მხარი”, – წერია განცხადებაში.