მთავარისიახლეებიზელენსკი- უკრაინის კონსტიტუციით ან მორალურად ტერიტორიების დათმობის უფლება არ გვაქვს

ზელენსკი- უკრაინის კონსტიტუციით ან მორალურად ტერიტორიების დათმობის უფლება არ გვაქვს

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან დახურულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე, ტერიტორიულ საკითხებსა და მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ილაპარაკა.

“[ტერიტორიების დასათმობად] ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი უფლება უკრაინული სამართლით, ჩვენი კონსტიტუციით ან საერთაშორისო სამართლით – და გულწრფელად, არც არანაირი მორალური უფლება. რა თქმა უნდა, რუსეთი განაგრძობს მოთხოვნას, რომ ჩვენ ტერიტორიები დავთმოთ. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს რაიმეს დათმობა და ამისთვის ვიბრძვით, როგორც ეს ძალიან კარგად იცით. დღეს ამერიკელები კომპრომისს ეძებენ, გულწრფელი ვიქნები.” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ კატერინა ლისუნოვას მიხედვით.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების მიღება უკრაინას აშშ-სგან შეუძლია და განმარტა, რომ პოტენციური შეთანხმება აშშ-ს კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, რათა იურიდიულად სავალდებულო იყოს.

“რა თქმა უნდა, თუ ეს არ იქნება ბუდაპეშტის მემორანდუმი ან ცარიელი დაპირებები, არამედ იქნება იურიდიულად სავალდებულო, აშშ-ს კონგრესში კენჭისყრით მიღებული – ამაზე ვლაპარაკობთ. ჯერჯერობით ისინი პოზიტიურად პასუხობენ ასეთ ნაბიჯებს.” – დაამატა მან უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას.

ამას გარდა, კითხვაზე, ენდობა თუ არა იგი ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებებში, ზელენსკიმ უპასუხა, რომ პრეზიდენტ ტრამპს თავისი ხედვა აქვს, თუმცა დაამატა, რომ ომის დამთავრების სურვილი აშშ-ს მხრიდან თამაშს არ წარმოადგენს.

“ძალიან მძიმეა, როცა არ არის ელექტროენერგია, როცა დაღლა იგრძნობა და ა.შ. – ყველას უნდა ომის დამთავრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ დამთავრდება და რა პირობებით, რათა არ იყოს ომის განმეორების რისკი. ჩვენ უბრალოდ რუსეთს არ ვენდობით.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ასევე შეეხო გაყინული რუსული აქტივებით უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხსაც. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები დაჰპირდნენ, რომ ეს საკითხი მოგვარდება.

ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ შეხვედრა წარმოადგენდა შესაძლებლობას, რათა საფრანგეთს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს (E3) კიდევ ერთხელ გამოეხატათ კიევისადმი ურყევი მხარდაჭერა და უკრაინაში მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობისადმი ერთგულება.

ამასთან, განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები და შეხვედრებზე ჩამოყალიბებული უსაფრთხოების გარანტიები, “კერძოდ, მსურველთა კოალიციის სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში.”

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა “საერთო ძალისხმევით” რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

“რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის საერთო გამოწვევა და ძალისხმევაა. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის!” – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე ევროპელ ლიდერებთან ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლონდონში ლიდერების შეკრებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის არ არის მისაღები სამშვიდობო წინადადება, რომელიც ზელენსკის “ჯერ არც წაუკითხავს.”

ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მაიამიში უკრაინის დელეგაციასა და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები დასრულდა.

“ჩვენ საუბრები გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და უკრაინელ ლიდერებთან, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის [სამშვიდობო] წინადადება ჯერ არ წაუკითხავს. ეს რამდენიმე საათის წინ იყო. მის ხალხს მოსწონს ეს, მაგრამ მას – არა. რუსეთისთვის მისაღებია ეს [წინადადება]. რუსეთს, ალბათ, მთელი ქვეყანა ურჩევნია, მაგრამ რუსეთისთვის, ჩემი აზრით, მისაღებია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ზელენსკისთვის არის მისაღები. მის ხალხს მოსწონს [წინადადება], მაგრამ მას ის არ წაუკითხავს.” – თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინს აშშ-ს სამშვიდობო გეგმისადმი მხარდაჭერა საჯაროდ ამ დრომდე არ გამოუხატავს. მან 4 დეკემბერს აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად აშშ-ს გეგმის გარკვეული ნაწილები კრემლისთვის მიუღებელია.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის...

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...