მთავარისიახლეებისაია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს.

“საია 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების (ე. წ. გავრილოვის ღამის) შედეგად დაზარალებულთა უფლებებს უკვე მრავალი წელია იცავს როგორც ეროვნულ, ისე – საერთაშორისო დონეზე.

ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე რამდენიმე დაზარალებულის საქმის განხილვა დასრულდა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარალებულებისთვის მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ამ პირებს შორის არიან, მათ შორის, ისეთი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც სახელმწიფოს მათ სასარგებლოდ სარჩოს გადახდაც დაეკისრა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად, აღარ საჩივრდება, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. გაჭიანურდა გადაწყვეტილებების იძულებითი აღსრულების პროცესიც. მიუხედავად მიმართვისა, აღსრულების ეროვნული ბიურო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭიანურებდა სააღსრულებო წარმოების დაწყებას.

იმის მიუხედავად, რომ არაერთ დაზარალებულთან მიმართებით, გასულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადებიც, აღსრულების ეროვნული ბიურო დღემდე არ ასრულებს მის მოვალეობას და იძულებით არ აღასრულებს გადაწყვეტილებებს.

საყურადღებოა, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან გართულებული კომუნიკაციის საკითხიც – რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი ზეპირი კომუნიკაციისა თუ წერილობითი განცხადების მიუხედავად, დაზარალებულებს არ მიეწოდებოდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რატომ არ იწყებდა აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს. აღნიშნული, წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებისა და ამავდროულად, ვალდებულების ჯეროვან შეუსრულებლობას.

აქვე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა ნაწილმა საიას დახმარებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. 2024 წლის 7 მაისს, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საქმეზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, რის შემდგომ საქმე მომჩივნების მოთხოვნიდან გამომდინარე განსახილველად გადაეცა დიდ პალატას. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას საჯარო სხდომაზე 2025 წლის 11 დეკემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე გამოცხადებს.

მოვუწოდებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს – გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი დაზარალებულთა სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულად აღსრულების მიზნით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები”. – წერს საია.

სიახლეები

პუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო...

“გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ” შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

"გადაამოწმონ და თუ დადასტურდება რაც უნდათ ის უქნიათ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა,...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვები ჩრდ. კორეის ბანაკში გაგზავნეს – რაშევსკა

უკრაინის ადამიანის უფლებების რეგიონული ცენტრის იურიდიულმა ექსპერტმა, კატერინა რაშევსკამ 3 დეკემბერს აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტის...

საქართველოსში ნარკოტიკები ბავშვის საკების ქილით შემოჰქონდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ...