თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით:
ეს იყო ის დღე, როცა საქართველოს ხელისუფლებამ დეკლარირებულად გადაუხვია ევროინტეგრაციის კურსს და ამით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რამაც მოქალაქეები აღაშფოთა და ქუჩაში გამოიყვანა არამარტო თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
იმის მიუხედავად, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უამრავი ადამიანი დააკავეს, აწამეს, ცემეს, დაამცირეს, ფსიქოლოგიურად იძალადეს მათზე, უწყვეტი პროტესტი შენარჩუნდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ასევე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში.
იმის მიუხედავად, რომ თბილისში, აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, საბოლოო თავშეყრის ადგილას – პარლამენტის შენობასთან იმდენად ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომ პოლიცია იძულებული გახდა, სავალი ნაწილის გადაკეტვასაც შეგუებოდა.
დღეს ერთდროული გამოსვლა ტარდება ზუგდიდსა და ბათუმშიც.