- ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი
არ მოგიწერიათ, რამდენი ხანიაო, სოციალურ ქსელებში აქტიური ეკონომიკის მინისტრი მისით დაინტერესებულ პირებს ამას ნამდვილად ვერ ეტყვის: მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც ისეთი გნიასი გააქვთ კომენტარებში, რომ მსგავსი ჩართულობა იშვიათია.
ერთი შეხედვით, რა სჯობს, როცა მინისტრი სოციალურ ქსელებში აქტიურობს, საქმიან ამბებს აზიარებს, აზრს გამოთქვამს და სხვების აზრით ინტერესდება? არც არაფერი, მაგრამ ჩვენი, ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე პასუხისმგებელი 35 წლის მილიონერი მინისტრის შემთხვევაში საქმე არც ისე მარტივადაა – მინისტრი კი აზიარებს საგულისხმო ინფორმაციებს, მაგრამ სულ ეგ არის: თვითონ მისი ჩართულობა გაზიარებულის განხილვაში ან მინიმალურია, ან საერთოდ ვერ სცდება ნულოვან ნიშნულს.
მაგალითად, მინისტრისავე გვერდზე ერთი კომენტარი ასეთია:
“მარიამ, თქვენც კაი ნადავლის წაღებას ასწრებთ ხალხის ხარჯზე ბიუჯეტიდან… გულში ჩაიხედეთ და გადაითვალე თქვენი მოხვეტილი ქონება. უფრო მეტი შეგიძლია მიდით და მიდით, თქვენია ეს ქვეყანა. პენსიონერებს ეყოფათ ის 20 ლარი დანამატი, დევნილებს 45 ლარი ეყოფათ ყოველთვე, ხოლო ხელფასები 800 დან 1200 ლარი რომ არის ისევ ეყოფათ ხალხს თვიდან თვემდე. მთავარია თქვენ გაძღეთ, ხალხის დედაც ვატირე … არ გაჩერდე ოქროო”, – ეს კომენტარი, ერთი კვირის წინანდელი თარიღით იძებნება ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისვე გვერდზე, სოციალურ ქსელში. კომენტარისთვის მინისტრს არ უპასუხია.
კიდევ გნებავთ მაგალითი? კი ბატონო, აგერაა სქრინი, სადაც მარიამ ქვრივიშვილს ერთი ფრიად უცნაური ფეისბუქ-იუზერი კომენტარში ეხმიანება. ადრესატი არც წაკითხვით იწუხებს თავს, არც წაშლით, რადგან დასქრინვის მომენტში კომენტარი, მინიმუმ, სამი დღის წინ იყო დაწერილი.

შესაძლოა, ვიღაცამ უბრალოდ, იანგლა, მაგრამ სიყვარული ოხერია. მაგალითად, მარიამ ქვრივიშვილთან დაკავშირებით დიდი დაკვირვება არაა საჭირო, მიხვდე, რა უყვარს და რა არა. საჩუქრები უყვარს და იმდენადაც კი უყვარს, რომ როცა რაიმეს აჩუქებენ, მერე მისი მსგავსი ან უკეთესი უნდა იყიდოს აუცილებლად, როგორც ეს საათის შემთხვევაში გააკეთა: 10.000 დოლარიანი “როლექსი” ჯერ აჩუქეს, მერე ადგა და იმავე ფირმის საათი 12.000 დოლარად იყიდა.
მარიამს ბრენდული პროდუქცია იტაცებს, არც მალავს, იხდენს და ატარებს კიდეც. მაკა ბოჭორიშვილი, ოპოზიციურმა მედიამ რომ დაიხვია ხელზე, მასთან შედარებით ძალიან მოკრძალებულად წარმოჩინდება. ვიცი, რომ გჯერათ, მაგრამ მაინც გადავხედოთ ქალბატონი მინისტრის დეკლარირებულ სამოსს, სამკაულებსა და აქსესუარებს:
“მის ძვირადღირებულ სამკაულებს შორისაა 12 000 დოლარად ნაყიდი როლექსის ფირმის ერთი საათი, და ამავე ფირმის მეორე საათი, რომლის ღირებულება 10 000 დოლარია. მისივე დეკლარაციის მიხედვით, მას აქვს ასევე 10 500 დოლარის ღირებულების კარტიეს სამაჯური და ბეჭედი. რაც შეეხება მანქანას, 2018 წელს იყიდა 60 000 დოლარად ბე-ემ-ვე X6. ასევე, მესიკას ბრენდის ერთი ყელსაბამი 13 000 ლარი ღირს, როგორც ჩანს, ეს მისი ფავორიტია, რადგან თუ დააკვირდებით, ხშირად უკეთია.
კარტიეს ბეჭედი 15 000 ლარი, ვან კლიფის საყურეები 14 000 ლარი, კარტიეს სამაჯური ბრილიანტის თვლებით 35 000 ლარი. მესიკას საყურეები 13 000 ლარი. 10 000 დოლარიან ჩანთაზე ნაკლები არ უჭირავს ხელში, აცვია ბრენდული პიჯაკები დოლჩე გაბანა, რალფ ლორენი, ბალმეინი, არმანი.
მაგალითად ერთ-ერთი პიჯაკი billionaire -ში აქვს ნაყიდი, ეტყობა სახელიც ძაან მოეწონა. მისი ფასი 6 000 ლარია.
ალიევთან შეხვედრაზე, მარიამ ქვრივიშვილს დოლჩე გაბანას პიჯაკი აცვია, რომელიც 6950 დოლარი ღირს”, – “ალია”.

გაზეთი “ალია” გამოცემის ელექტრონულ ვერსიაში წერს, რომ მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო, რედაქციაში ზარი არ წყდება და მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან რეკავენ:
“რამდენიმე დღის წინ, ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით: – “როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?“, მას შემდეგ რედაქციაში ზარები და შეტყობინებები არ წყდება, ყველა რეგიონიდან ერთი და იგივეს გვიყვებიან – ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით ან ასხვისებს, ან ლარად, პრაქტიკულად ჩუქნის, ან იჯარით გადასცემს სხვადასხვა პირებს, თუ ბიზნესს სახელმწიფო ქონებას და ეს მაშინ, როცა ადამიანებს, ათეული წლებია რომლებიც ფლობდნენ მიწას, ან ქონებას, იჯარა არ გაუგრძელა ეკონომიკის სამინისტრომ, მეტიც, იმათაც ჩამოართვა ქონება ვინც ათეულობით წელია რეალურად ფლობს, იხდის გადასახადს. არადა, ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის ივნისში განაცხადა, რომ სახელმწიფო უარს ამბობს უძრავის ქონების პირდაპირი გზით გადაცემის პრაქტიკაზე, კორუფციას შეიცავს, აუქციონის გარეშე, პირდაპირი შესყიდვაო, თქვა. უკაცრავად , მაგრამ კობახიძისვე თქმით, მარიამი კორუმპირებული გამოდის, მაშინ, არა?”, – კითხულობს “ალიას” ჟურნალისტი თამო კეშელავა.
“ძალიან მოკლედ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მარიამი მუშაობდა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, სადაც დააგროვა შესაბამისი კონტაქტები, ინფორმაცია, რომელიც ხშირად ფულზე მეტად ფასობს, მაგალითად, ავიაბიზნესზე მსოფლიო ბაზარზე. შემდეგ წავიდა სახელმწიფო სამსახურიდან, გახსნა რამდენიმე კომპანია, შემოიყვანა რამდენიმე ავიაკომპანია და დაბრუნდა ისევ სახელმწიფო სამსახურში, ისევ ტურიზმში, სადაც ისევ გააგრძელა ავიაბიზნესის ლობირება”, – ესეც “ალიას” ციტატაა.
სხვათა შორის, ავიაბიზნესით მინისტრის დაინტერესების ერთ-ერთ “მიმართულებაზე” “ოდიშინიუსსაც” მიაწოდა ინფორმაცია წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:
“საქართველოში ავიარეისებს ლოუქოსტერები ასრულებენ თბილისშიც და ქუთაისშიც. მათ შორის, რომ იცოდეთ, თბილისში არაბული ლოუქოსტერებიც დაფრინავენ. ამათ ყველას ასუბსიდირებს მთავრობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან… ამ ლოუქოსტერებით მგზავრობის ბილეთებს ყიდიან ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც ხელოვნურად წევენ მაღლა მოთხოვნას და შესაბამისად, ფასებს. საკმაოდ სარფიანი საქმეა, რომელსაც უშუალოდ ეკონომიკის მინისტრი განაგებს, უკვე წლებია…”,- გვეუბნება წყარო.
“ამის გარდა, სწორედ მარიამის მონდომების გამოა, ამდენი რეისი რომ სრულდება არაბეთიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან. იმის მაგივრად, დასავლეთში ავიარეისებზე გაეკეთებინა აქცენტი, გადატენილი ვართ ზემოთქმული ქვეყნებიდან ფრენებით და შედეგიც სახეზეა… და, სხვათა შორის, “იგლ ჰილსის” მშენებლობის წინ “ჩააფინეს” ეს მომრავლებული რეისები არაბეთის აბსოლუტურად გაუგებარი ქალაქებიდან და “იგლ ჰილსის” კუთხით ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წილი? ვფიქრობ, პასუხი ნათელია…
იგივე აშშ-ში რატომ არ უნდა ჰქონდეს თბილისს პირდაპირი ავიარეისი, თუკი ბაქოს აქვს? რუსეთს რაც შეეხება, კვირაში 80-მდე (!!!) ავიარეისი სრულდება საქართველოს აეროპორტებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან”, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
ცალკე საკითხია ის 130 მილიონი, რომელზედაც რამდენიმე წყარო ერთნაირად გვიყვება, რომელიც ქვეყნის ტურიზმის განვითარებას უნდა მოხმარებოდა და აორთქლდა, ასევე აორთქლდა კოვიდის დროს გამოყოფილი სოლიდური თანხა, ხოლო იმ დროს სასტუმროებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის განკარგვა და სასტუმროების შერჩევითობის პრინციპის გარკვევა, ასეევე, გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
“ალია”, ასევე წერს:
“ძალიან ბევრი მასალაა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე, ლარად მიწების გასხვისებაზე და პარალელურად, უბრალო ადამიანების გამწარებაზე, მოქალაქეები “ალიასთან” ამბობენ, რომ ქვრივიშვილი, და ზოგადად ეკონომიკის სამინისტრო ფულიანებს, ბიზნესმენებს ლარად აძლევს მიწას, ან კაპიკებად აძლევს იჯარით სახელმწიფო ქონებას, მაშინ როცა რიგით მოქალაქეს ან ოთუსბირს უფასებს, ან უმრავლეს შემთხვევაში სულაც უარს ეუბნება. თან იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც არც ფული აკლიათ და არც ქონება, უმეტესად აუქციონის გარეშე აძლევენ სახელმწიფო მიწას და ქონებას ეკონომიკის სამინისტროდან, რომ რიგით მოკვდავს, დავუშვათ და ფული რომც ჩაუვარდეს ხელში, მაინც არ შეეძლოს მონაწილეობა.
კიდევ ერთი სტატიის თემაა ენერგო მდგომარეობა ქვეყანაში და ეკონომიკის სამინიტროს სრული უმოქმედობა.
ცალკე მასალის თემაა აგრეთვე რკინიგზა, რომლის მოდერნიზაცია არაერთხელ დაანონსა სამინისტრომ, თუმცა, რკინიგზაზე პრობლემები იმატებს, პირიქით, კომენტარებში, სოციალურ ქსელში, მოქალაქე ქვრივიშვილის პოსტის ქვეშ, წერს, “რკინიგზის მოდერნიზებაც ვერ შეძელით და რვაჯერ დააანონსეთ პროექტი? შუა დერეფანი კი არა მოსახვევიც არაა თქვენს ხელში ეს ქვეყანა!”
მოკლედ რომ შევაჯამოთ, აუცილებლად მოვა დრო, როცა მოგვიწევს, მარიამის აღმა ხნული და მერე დაღმა დაფარცხული საქმეები გამოვასწოროთ, ოღონდ ვერავინ იტყვის, თავად მარიამი ამ პროცესს თავისუფალ რეჟიმში დააკვირდება თუ გისოსებიდან.
ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა უნდა და “ვისი სული სურს” მარიამ ქვრივიშვილს: ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიპყრობას და ნდობის მოპოვებას ცდილობს, თუ სულაც პრემიერის სავარძელს უმიზნებს.
ამ ყველაფერში კი ყველაზე ნათელი მოცემულობა ისაა, რომ ქვრივიშვილი ჯერჯერობით ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი საქმეები პროკურატურის თაროებზე არ დევს ან არ შემოიდება…