საქსტატის 2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 124 პირი, მათ შორის 9 647 კაცი და 477 ქალი.
2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 8 592 პირი, მათ შორის 8 215 კაცი და 377 ქალი. შესაბამისად, იანვრიდან აგვისტომდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა რაოდენობა.
მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული. შესაბამისად 31 იანვრიდან 13 ოქტომბრამდე 1936-ით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა.
საქსტატის ცნობით, პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში არსებული საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა 12 332-ია.
2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა (10 124) დადგენილ ლიმიტზე 2 208 ერთეულით (17.9%) ნაკლებია, მაგრამ ამ მხრივ, განსხვავებული მდგომარეობაა სხვადასხვა დაწესებულებებში:
№8 დაწესებულებაში (გლდანის ციხე) დასაშვებ ლიმიტზე 418-ით მეტი პატიმარია;
№15 დაწესებულებაში (ქსნის) ლიმიტზე 251-ით მეტი პატიმარია;
№2 დაწესებულებაში (ქუთაისის) ლიმიტზე 111-ით მეტი პატიმარია.
სქრინი საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან (აგვისტო)
აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ და დაწერა, რომ „8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100-ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში“.
ამ პოსტს უპასუხა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და განაცხადა, რომ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უწყება ამბობს, რომ 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული.
„პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს“, – წერია განცხადებაში.
პენიტენციური ამბობს, რომ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
„ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480“, – წერია განცხადებაში.