პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სატელეფონო ზარები აუკრძალეს. ინფორმაციას ბურჭულაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ავრცელებს.
“აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, იგი წერილობითი სახით ჩვენ არ გადმოგვცემია და შესაბამისად, მისი შინაარსიც ზუსტად არ ვიცით. მე დარწმუნებული ვარ, იგი იქნება იგივე შინაარსის, რა შინაარსისაც იყო იგივე ხასიათის დადგენილები პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის, დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ხაბეიშვილით.
ეს ნიშნავს, რომ 71 წლის მსოფლიო დონის მომღერალს წაართვეს უბრალოდ შვილებთან და შვილიშვილებთან კომუნიკაციის საშუალება და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს. პაატა ბურჭულაძე რომ კრიმინალებს არ ხვდება და კრიმინალურ ორგანიზაციას არ მართავს ციხიდან, მემგონი, ეჭვს ეს არავისთვის არ იწვევს თუ სულელი არ არის უბრალოდ.
შესაბამისად, ეს არის ადამიანის გამწარების, ადამიანისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენების ერთ-ერთი გზა”. – თქვა თუთბერიძემ ტვ პირველის ეთერში.