“თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია “ფეისბუქზე” ხსნის, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი კობახიძემ და სხვებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ის ხალხი, ვინც რუსთაველზე დგას, არანაირ თანაგრძნობას არ იმსახურებს, ძალიან კარგად იციან, რომ ტყუიან. სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ისინი საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ხალხზე, საკუთარ სოციალურ კავშირებზე ამბობენ უარს:
“კობახიძემ და ოცნების მაღალი ეშელონების ყველა წევრმა ზუსტად იცის, რომ რუსთაველზე დგას მისი კლასელი, მისი ოჯახის ახლობელი (ზოგი ყოფილი), ყოფილი თანამშრომელი, კურსელი, ბავშვობის მეგობარი (ვისაც ჰყავდა), მასწავლებელი და ა.შ. იქ დგანან ასევე უნივერსიტეტების რექტორები, საუკეთესო მეცნიერები, მასწავლებლები, სპორტსმენები, ექიმები, ჟურნალისტები, რეჟისორები, მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, არქიტექტორები, ხელოვნებადმცოდნეები, მხატვრები და სხვ. ბოლო-ბოლო, ორ კაცს ვხედავ სულ, რომელიც ევერესტზეა ნამყოფი!
ამიტომაც, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არანაირ თანაგრძნობას არ იმსახურებს ეს ხალხი, რომ ისინი უცხო ქვეყნის აგენტები არიან, რომ მოძალადეები არიან, იციან რომ ტყუიან, რომ მათზე სხვებს გეშავენ და ძალადობისთვის სწირავენ.
ეს არის სწორედ საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ხალხზე, საკუთარ სოციალურ კავშირებზე უარის თქმა.
ზუსტად იცის ოცნების მთავარმა კაცმაც, ივანიშვილმაც, რომ რუსთაველზე მდგომი ხალხი არ არის 50 და 100 ადამიანი, არამედ არის ასიათასობით ადამიანის წარმომადგენელი ამ პროტესტში. ამიტომაც ებმის ენა ინტერვიუებისას, როდესაც ამ ხალხის გამოჩენას ელის.
მაგრამ, სულ რომ ერთი კაცი იდგეს რეჟიმის პირისპირ, ქართული ღირებულებების მქონე ადამიანი, პასუხისმგებლობის მქონე და არა საკუთარი თავის განდიდებით შეპყრობილი ადამიანი სწორედ მის გვერდით დადგება და არა იმის გვერდით, ვისკენაც წიხლი, ხელკეტი და ხიშტია.
ჩვენ გაგვზარდეს, რომ ალუდა ქეთელაურის მხარეს ვიდგეთ და არა სოფლის, რომ ნესტან-დარეჯანის გამოსახსნელად ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ და არა ქაჯების კარზე ვიმსახუროთ.
ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ! ისინი კი დამარცხდებიან, მიუხედავად ბაქი-ბუქის, რეპრესიების და სიძულვილის თესვის!”, – წერს სიმონ ჯანაშია.