მთავარისიახლეებისაზოგადოებასანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო! - მზია...

სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო! – მზია ამაღლობელი

Published on

დღეს, 29 სექტემბერს ვაცლავ ჰაველის პრემია 2025 წელს უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა.

როგორც “ბათუმელები” წერს, მაქსიმ ბუტკევიჩს, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ “ზმინასა” და “ჰრომადსკე რადიოს” თანადამფუძნებელია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსების პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.

ფინალისტთა სიაში იყო “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” თანაგამომცემელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მას სტრასბურგში მისი ადვოკატი მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა. მან ასამბლეის ტრიბუნიდან მზია ამაღლობელის წერილი წაიკითხა, რომელსაც ბათუმელები ავრცელებს:

“თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე მიმავალს, იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი…

თუმცა წარმოუდგენლად ემოციურია და დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის “ჰაველის” ჯილდოს ნომინანტებში.

ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ჩემი პატივისცემა ულვი ჰასანლის შეუვალობას.

სოციალურ მედია X-ზე, ჩემს ქავერზე დღემდე უნდა იყოს ფოტო, წარწერით — “იყავი ისეთი მამაცი, როგორიც უკრაინაა”. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების.

ეს ნომინაცია არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაში მუშაობენ.

საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.

ჩემს კოლეგებს მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა. მათ დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ფიზიკურად უსწორდებიან.

ერთპარტიულმა ქართული ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაგვიმტკიცა “რუსული კანონები”, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, აგენტობას და ღალატს გაუთანაბრა — ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

დღეს ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. დღეს ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს — მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი.

თუმცა ქართველები ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

300 დღეზე მეტია ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია.

ჩვენ თქვენს გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ — მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო!

იდექით ჩვენს გვერდით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში”, — წერს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან ერთად ჰაველის პრემიაზე ასევე წარდგენილი იყო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის, “აბზას მედიის” დირექტორი ულვი ჰასანლი. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად მძიმე პირობებში იმყოფება ციხეში, სადაც ის შიმშილობს და სამარტოო საკანშია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ “ხელისუფლებებმა უნდა აჩვენონ, რომ არ ეშინიათ სიმართლის”.

“ამ დარბაზიდან დაბეჯითებით ვითხოვ მზია ამაღლობელის და ულვი ჰასანლის გათავისუფლებას. ხელისუფლებებმა უნდა აჩვენონ, რომ არ ეშინიათ სიმართლის”, — განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...