მთავარისიახლეებიოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 87%-ია.

როგორც TI იტყობინება, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7,592,948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 87% წავიდა ივანიშვილის პარტიაზე.

მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს (1,019,578 ლარი), რაც მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობას უსვამს ხაზს – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.

TI-ის თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს.

კვლევის თანახმად ირკვევა, რომ „ხალხის ძალას“ „ქართულ ოცნების“ ტრადიციული შემომწირველები აფინანსებენ – პარტიას 190,000 ლარი შეწირეს, ყველა შემომწირველი გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ წირავდა თანხას და ჯამში 337,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.

TI-ის თქმით, კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში – მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემომწირველებთან დაკავშირებულ 11 კომპანიას 422 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, 13 კომპანიას კი 71 მილიონი ლარის სუბსიდიები აქვს მიღებული.

მმართველი პარტიის აბსოლუტური ფინანსური დომინაცია

„ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 87%-ია.
ეს თანხა 6-ჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის მიერ ერთად მიღებულ შემოწირულებებს.
შემოწირულებების პარალელურად მიღებული სახელმწიფო კონტრაქტები

მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო მიღებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება 185,447 ლარია.
შემომწირველები, როგორც სახელმწიფო სუბსიდიების მსხვილი ბენეფიციარები

2024 წლიდან, დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო. სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნეს-ქსელი, რომლის კომპანიებმაც 25 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც 2024 წელს გაცემული აგროსუბსიდიების 13%-ს შეადგენს.
ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას აგროსუბსიდია არ მიუღია.
შემოწირულებების ანომალიური ზრდა აჭარიდან

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს. დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული რაც კანონდარღვევაა.
„ხალხის ძალას“ „ქართულ ოცნების“ ტრადიციული შემომწირველები აფინანსებენ

პარტიას 190,000 ლარი შეწირეს, ყველა შემომწირველი გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ წირავდა თანხას და ჯამში 337,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.

შემოწირულებების სტატისტიკა

2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7,592,948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 87% – 6,573,370 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს. ამავე პერიოდში პარტია „ლელომ“ 410,125 ლარის შემოწირულება მიიღო, ხოლო პარტიამ „ხალხის ძალა“ — 190,000 ლარი. სრულად იხ. დიაგრამა.

„ქართული ოცნების“ შემომწირველების ანალიზი
2025 წლის პირველ 6 თვეში „ქართულ ოცნებას“ 168-მა პირმა 6,573,370 ლარი შეწირა, სულ „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნულ დონორებს პარტიისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.[1] ქვემო თავებში ღია წყაროებზე დაყრდნობით გაანალიზებულია მმართველი პარტიის დონორები, მათი კავშირები იურიდიულ პირებთან, მიღებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები თუ სხვა და სხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან მიღებული სარგებელი.

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული (ცხრილი 1-ში დეტალურად იხილეთ ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება აღემატებოდა 100,000 ლარს).

ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული. ცხრილ 2-ში იხილეთ დონორებთან დაკავშირებული ხუთი კომპანიის ჩამონათვალი, რომლებმაც 2024 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ღირებულების გამარტივებული კონტრაქტები მიიღეს.

ამავე პერიოდში დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული (ცხრილ 3-ში იხილეთ „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებმაც 2024 წლის შემდეგ ყველაზე მეტი თანადაფინანსება მიიღეს).

“საერთაშარისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“ შემომწირველების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აჭარის რეგიონიდან – “თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ დაიწყო და იმავე თვეში 545,000 ლარი შევიდა პარტიის სალაროში”.

TI-ის კვლევაში მოხვდა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტური გამოძიება, რომლის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ათი პირის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებმაც პირველად შეწირეს პარტიას ფული, ჯამში 485,000 ლარი.

ივნისში, „ქართულ ოცნებას“ სულ 44 შემომწირველი ყავდა, რომლებმაც ჯამში 1,727,200 ლარი შეწირა, აქედან 39 შემომწირველი აჭარის რეგიონს წარმოადგენდა, რომლებმაც ჯამში 1,541,100 ლარი შეიტანეს პარტიის ყულაბაში (89%). ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა რაც ერთი თვის ინტერვალში მიუღია „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან. შემოწირულებების ზრდა, აპრილში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ დაიწყო და იმავე თვეში 545,000 ლარი შევიდა პარტიის სალაროში, ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა (505,020 ლარი), ხოლო პიკს, როგორც აღვნიშნეთ ივნისში მიაღწია. სულ სამ თვეში აჭარიდან პარტიამ 2,590,020 ლარი მიიღო. აღსანიშნავია რომ ამ სამი თვის განმავლობაში 62 შემომწირველიდან 39 მათგანმა პირველად განახორციელა შემოწირულება.

ტელეკომპანია „პირველზე“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტებმა ათი პირის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებმაც პირველად შეწირეს პარტიას ფული, ჯამში 485,000 ლარი. ყველა მათგანი საზღვაო სასწავლებლებთან დაკავშირებული პირი ან მოქმედი მეზღვური იყო, რამდენიმე მათგანი უკვე პენსიაზე მყოფიც. სიუჟეტიდან აშკარად რჩებოდა გონივრული ეჭვი, რომ ისინი ფიქტიური შემომწირველები არიან და რეალურად საკუთარ თანხებს არ წირავდნენ პარტიას, რაც კანონდარღვევაა”, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

TI-ის კვლევა სრულად ნახეთ აქ:

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...

რუსული სამთავრობო მედია სტატიას აქვეყნებს სათაურით: “უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს”

რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости სტატიას აქვეყნებს სათაურით: "სხვა გზა არაა: უკრაინაში ცოცხალი არავინ...