ივანიშვილი ტვ პირველის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. “ქართული ოცნების” დამფუძნებელი სასამართლოს მიმართავს, აეკრძალოს ტელეკომპანიას “ქართუ ბანკის” ივანიშვილის ან ოლიგარქის ბანკად მოხსენიება. სასარჩელო მოთხოვნაში ივანიშვილი ირწმუნება, რომ “ქართუს” მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
სავარაუდოდ, საქმე ეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, ევროპელი დეპუტატები “ქართუ ბანკის” სვიფტიდან გათიშვას ითხოვენ, რადგან ის ივანიშვილთან ასოცირდება.
აღნიშნული რეზოლუცია და მასთან ერთად სხვა პარტნიორების განცხადებები “პირველებმა” გააშუქა, რასაც, როგორც ჩანს, ბანკი “ქართუს” და “ოცნების” დამფუძნებლის უკმაყოფილება მოჰყვა.
კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ივანიშვილს ახლა სანქცირების ეშინია, რადგან თუკი ის დასანქცირდება, ავტომატურად მის ყველა საკუთრებასაც პრობლემა შეექმნება.
ირაკლი აბესაძე ყურადღებას სარჩელში არსებულ კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს. მისი თქმით, ნათელი ხდება, რომ “ქართუ ბანკი” ივანიშვილის სახელთან ასოცირებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. ექსპერტი ამბობს, რომ ახლა თავად ივანიშვილი უნდა უჩიოდეს “ქართუ ბანკს” ამგვარი დამოკიდებულებისთვის.
სარჩელი არის ძალიან უცნაური. უცნაური იმიტომ, რომ სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ცილისწამებად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელება. ანუ “ქართუ ბანკი” თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ბანკი, ეს სიტყვები სახელს უტეხს და რეპუტაციას ულახავს “ქართუ ბანკს” და თავისთავად, რა თქმა უნდა, საინტერესოა, რატომ შეიძლება, ბანკი თვლიდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მათი კავშირი მათთის შეურაცხმყოფელი, რეპუტაციის შემბღალავი და სახელის გამტეხია. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ, ცხადია, რომ ისინი ცდილობენ, მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით სცადონ გამიჯვნა ივანიშვილთან, იმიტომ, რომ ივანიშვილის სახელს, მაღალი ალბათობით, უკვე უკავშირდება ძალიან სერიოზული სანქციები. გამიოჯვნის პარალელურად, ისინი ივანიშვილის სახელს შეურაცხმყოფელის სტატუსს ანიჭებენ, რაც, ალბათ, ივანიშვილისთვის, ერთის მხრივ, საწყენი და მართა სახელის გამტეხი უნდა იყოს, ამიტომ ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, მაგრამ ახლა ივანიშვილი უნდა უჩიოდეს თავის ბანკს, რომ შეურაცხოფად გამოაცხადეს ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, – ამბობს ირაკლი აბესაძე.
ფაქტს ოპოზიციაში “ღიმილისმომგვრელად” აფასებენ. “ძლიერი საქართველოს” წევრის, საბა ბუაძის თქმით, ყველასთვის ისედაც ცნობილია, რომ “ქართუ ბანკი” სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ივანიშვილის საკუთრებაშია.
სახელი “ქართუ” ამ 30 წლის განმავლობაში გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის სინონიმად და ღიმილის მომგვრელია ახლა ის, რომ “ქართუ ჯგუფი”, “ქართუ ბანკი” და ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურებიც ცდლობენ, რომ გააჩუმონ ტელევიზიები, მათ შორის ტვ პირველი იმის თქმის გამო, რომ ეს ტელევიზიები არის დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენ ასე ვიცით. მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ასე იცის, რომ “ქართუ ბანკი” თუ არა სრულად, ნაწილობრივ მაინც არის ივანიშვილის და ივანიშვილთან დაკავშირებული სტრუქტურების, – ამბობს საბა ბუაძე.
აღსანიშნავია, რომ “ქართუ ბანკის” ოფიციალური ბენეფიციარი ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილია, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ მისი მთავარი მესაკუთრე სწორედ ბიძინა ივანიშვილია.