სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ “სერიოზულად უნდა განიხილონ” სომხეთში რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხი.
“ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსეთის ტელეარხების მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”, – თქვა მან.
სიმონიანმა აღნიშნული კომენტარი ზოგიერთი რუსი ტელეწამყვანისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის მიერ სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის ზოგიერთი გადაცემა ზიანს აყენებს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს.
“თუ არსებობენ არხები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ სომხეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეებში, ალბათ ჩვენც იმავე ფორმით უნდა ვუპასუხოთ, სულ მცირე, ავკრძალოთ მათ წვდომა ჩვენი საზოგადოების სახლებში”, – განაცხადა სიმონიანმა.