მთავარისიახლეები240-ზე მეტი მასწავლებელი დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას ითხოვს

240-ზე მეტი მასწავლებელი დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას ითხოვს

Published on

მასწავლებელთა ნაწილი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ხელმოწერებს აგროვებს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით.

მათი განცხადებით, ნინო დათაშვილი თავს არავის დასხმია, სასამართლოს მანდატურებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და ბრალდებულმა ხელი თავდაცვის მიზნით მოიქნია.

“ნინოს დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს. მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სინამდვილეში, ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფლად იმოქმედეს მის წინააღმდეგ – სცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან. ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო.” – წერია განცხადებაში.

მასწავლებლების შეფასებით, აბსურდულია როგორც ბრალდება, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის გამოყენება. საუბარია იმაზეც, რომ ნინო არის ფილოლოგი, თეოლოგი და ქართულისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ჰყავს აბიტურიენტი შვილი.

“ნინოს მიმართ სისხლის სამართლის ამ აბსურდული ბრალდების წარდგენის პირობებშიც კი, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება. არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი ამისთვის არ არსებობს. ეს დადასტურდა კიდეც 21 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, როცა პროკურორებმა ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ წარმოადგინეს და პატიმრობის მოთხოვნისას მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეზური მოსაზრებებით შემოიფარგლნენ. ნინო დათაშვილი არის ფილოლოგი, თეოლოგი, და ქართულისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ის არის გამორჩეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება, და ყოველთვის მზად არის საზოგადოებისთვის სასარგებლო და საჭირო აქტივობებში ჩაერთოს. მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ნინო კანონმორჩილებით და საზოგადო სიკეთეზე ზრუნვით ცდილობს სხვებისთვის მაგალითის მიცემას. ნინო მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ის ამჟამადაც სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია და მისთვის, როგორც დედისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს პერიოდი შვილის გვერდით გაატაროს.” – ნათქვამია განცხადებაში.

მასწავლებლების ნაწილს მიაჩნია, რომ “ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.” ისინი მოითხოვენ, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა – პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი მასწავლებლები მოვითხოვთ, ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს, შეეცვალოს მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა – პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს მშობლისა და მასწავლებლის მოვალეობები. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება ნინოს პოლიტიკურ დევნად, რადგან არსებულ ვითარებაში პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შემდგომში კი მოხდეს ამ ინციდენტის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რის საფუძველზეც აღიძრა ეს აბსურდული სისხლის სამართლის საქმე.” – ამბობენ მასწავლებლები.

ამჟამად ხელი 245 მასწავლებელს აქვს მოწერილი, თუმცა სია განახლებადია.

ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...