მთავარისიახლეებიEU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

EU-ში მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმები მიიღეს

Published on

მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლდა მექანიზმები მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებების შედეგად “ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება იმ სიტუაციებზე რეაგირებისთვის, როდესაც უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს.”

“ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა სასარგებლოა როგორც უცხოელი მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. მაგრამ თუ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ინსტრუმენტი სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ ინსტრუმენტებს შეუძლიათ ზეწოლა მოახდინონ იმ ქვეყნებზე, რომლებიც თავს არიდებენ თანამშრომლობას არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძვლები შემდეგნაირად განისაზღვრა:

ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც – ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო – ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული ჩამოსვლის ზრდა.
ინვესტორთა მოქალაქეობის სქემის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან.
ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონმდებლობასა და პროცედურებში.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
ხაზგასმულია, რომ აღნიშნული საფუძვლები ემატება უკვე არსებულს, როგორიცაა თავშესაფრის განაცხადების რაოდენობის ზრდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლისთვისაც თავშესაფრის აღიარების მაჩვენებელი დაბალია ან მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დადგინდა, რომ ისინი აჭარბებდნენ დარჩენის ვადას.

განცხადებიდან ვიგებთ, საბჭო და ევროპარლამენტი ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის გაუმჯობესებაზე, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეუზღუდავს მხოლოდ თანამდებობის იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე. რადგანაც, როგორც განცხადებაში განმარტებულია, იმ შემთხვევებში, თუ მთავრობა აშკარად პასუხისმგებელია სიტუაციის გაუარესებაზე, მთლიანი მოსახლეობის მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არაპროპორციული იქნება.

ცვლილებები შეეხო, უვიზოდ გადაადგილების სარგებლობის შეჩერების ხანგრძლივობასაც, რომელიც 9 თვიდან, 12 თვემდე გაიზარდა. ხოლო, შესაძლებელია, რომ ეს საწყისი პერიოდი კიდევ 24 თვით გადავადდეს.

“დროებითი შეჩერების ეს ფაზა საშუალებას მისცემს ევროკომისიას, ჩაერთოს დიალოგში მესამე ქვეყანასთან, რათა შესაბამისმა ქვეყანამ შეძლოს შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება.

ევროკავშირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სამუდამოდ გაუქმებაზეც, თუ მესამე ქვეყანა არ გადახედავს დროებითი შეჩერების გამომწვევ მიზეზებს”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

“ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად” – სააკაშვილი

"ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად. მანამდე ის გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და...

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტას, რაც დიპლომატიური ძალისხმევის საფუძველს...

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის...

პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე

ნახვა tbl.ge/7h4x დაკოპირდა ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის...