საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფორმულას და ტვ პირველის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში ქართული ოცნების მიერ წარდგენილ საჩივრებს გამოეხმაურა და წერს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას.
“გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნება მაუწყებლობის შესახებ კანონის (შემდგომში – კანონი) დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის ფორმულას და ტვ პირველს. საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები. ხოლო შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, “ქართული ოცნების რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიებას.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი “სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას” აწესრიგებს, რომელიც, თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ასევე, მისი პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში – კონვენცია) მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც ვრცელდება მედია თავისუფლებაზე. მუხლი იცავს არა მხოლოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ზოგადად დადებითად მიიღება საზოგადოების მიერ, არამედ იცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეიძლება უსიამოვნო, შოკის მომგვრელი ან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ დაცულია მედიის სარედაქციო თავისუფლება და გარანტირებულია მედიის მხრიდან გადაწყვიტონ მათი რეპორტაჟის ფორმა. მედიას არ შეიძლება შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და არ შეიძლება დაუწესდეს შინაარსის კონტროლი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ფართო დისკრეციას უტოვებს მედია საშუალებებს სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში და იცავს, მათ შორის, პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიის შესახებ შედარებით მკვეთრი ტერმინებით გაკეთებულ კომენტარებს და სადავო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, მანამ სანამ მათ წვლილი შეაქვთ საჯარო პოლიტიკურ დისკურსში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს პრესის თავისუფლებას, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც სახელმწიფოს ეკრძალება ცენზურის დაწესება და ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების მიღება, რომლებიც დისპროპორციულად ერევა მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში.
მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან “უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს” (The press was to serve the governed, not the governors). კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარსში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს. საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეფექტიანად შეასრულონ საკუთარი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც საზოგადოება პლურალისტული, ხოლო ინდივიდი – ღირსებადაცულია, როდესაც ექნებათ რწმენა იმისა, რომ შეეძლებათ იმუშაონ სახელმწიფო ჩარევისა და ძალმომრეობის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს გამოხატული იქნება ეს ინფორმაციული მასალის ცენზურაში, დაუსაბუთებელ დაკავებასა თუ დევნაში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ (SLAPPs).
აქედან გამომდინარე, ცენზურის აკრძალვა გულისხმობს, არა მხოლოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შედეგთან სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმის ჩარევის აკრძალვას, არამედ ამგვარი საქმიანობისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებასაც”. – ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა ოცნებამ TV პირველსა და ფორმულას “მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.
ფორმულას ცნობით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, “ქართული ოცნების რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიებას.