„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „მტკვარი ჰესის“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა.
ბაჩიაშვილის თქმით, ის გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.
„აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული.
დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი და დღეს მე კიდევ ახალ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების საშუალების გარეშე, შემდეგ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.
საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს… თუმცა ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს.
მე წარმოდგენა არ მაქვს რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რის გამოც მოხდა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა…”, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყება წერს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.
ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2 მარტს ქვეყანა დატოვა.
„ბიტკოინების საქმის“ გარდა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი. ერთი საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად. მეორე ბრალდება კი საზღვრის უკანონო კვეთას.