თბილისის პოლიციის შეფის მოადგილე, რომელმაც დაკავების დროს აქტივისტი ქალები, პრაქტიკულად, სცემა და თმით ითრია, პოსტზე რჩება. რონი მესხი ამ დრომდე არავის გამოუკითხავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვერ ადასტურებს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფაქტებთან დაკავშირებით მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ამ ფონზე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან აღდგომის ღამეს დაკავებული აქტივისტები. როგორც ადვოკატი ვარაუდობს, ხუთივეს შემთხვევაში წინასწარი დაკავების 48 საათიან ვადას სრულად გამოიყენებენ.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ყველა მათგანი პოლიციამ ტროტუარზე ყოფნისას დააკავა და ამიტომ მათი დაკავების საფუძველი, რეალურად, არ არსებობდა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალაც გამოიყენეს.
ყველა მათგანი დააკავეს იმის გამო, რომ გოგონებს ეფარებოდნენ, ვინაიდან დავინახეთ სამართალდამცველებმა როგორ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და ძალადობდნენ ქალებზე, გოგონებზე, თმით ათრევდნენ. მაგალითად, დავით გუნაშვილი იმის გამო დააკავეს, რომ იგი ქალს ეფარებოდა და მოუწოდებდა პოლიციელებს, რომ გოგონები იმყოფებოდნენ აქციაზე. რა დებულების საფუძველზე ხელმძღვანელობდნენ და რა დებულებაში ჯდებოდა მათი ძალადობრივი ქმედებები, ამას ეკითხებოდა და ამის გამო დააკავეს.
ყველა მათგანი დააკავეს ტროტუარზე, თუმცა სამართალდარღვევის ოქმში მითითებული აქვთ, თითქოსდა ისინი ხელოვნურად კეტავდნენ გზას. დაკავებისას, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, ძალადობდნენ. მაგალითად, ლაშა დგებუაძე კინაღამ დაახრჩო პოლიციელმა, რომელიც საერთოდ არაიდენტიფიცირებადი პირი იყო, სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი. ძველბიჭური მეთოდებით მოხდა მისი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ ლაშამ ერაერთხელ უთხრა, რომ “ვერ ვსუნთქავ”, მაინც კინაღამ შემოეხრჩოთ. დაზიანებები აქვს ლაშას ყელზე. ასევე, მიხეილ სამხარაძეს აქვს დაზიანებები, – ამბობს ადვოკატი.
რეჟიმისგან უკანონობა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს არ უკვირთ. მათი თქმით, ის, რაც გუშინ ოლიგარქის პოლიციამ გააკეთა, შიშის გამოხატულებაა.
შეშინებული ადამიანის ბუნებრივი გამოხატულებაა. ჯერ იყო ტაშის გამო დაჭერა, ახლა “ქრისტე აღდგაზე” დაჭერა, ხვალ არ ვიცი, შეიძლება, გულზე ჯვარი რომ გვაქვს გაკეთებული, მაგაზეც შემოგვედავონ. არაფერია ამათგან გამორიცხული. არავის ეშინია ამათი დაკავებების. ძალიან ვიწრო გზაზე გადიან, რომელიც სად ჩამოენგრევათ, არავინ იცის. ასე რომ, ნუ ეხუმრებიან გამწარებულ ქართველს, იმიტომ, რომ როცა ვბრაზდებით, ყველამ კარგად იცის, როგორი ძალა გვაქვს და როგორი თანადგომის უნარი გვაქვს. ასე რომ, ეშინოდეს და ხალხს მოვუწოდებ, რომ გამოფხიზლდით, ქართველობას გვართმევენ, – ამბობს სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი.
აღდგომის დღეებში გომელაურის პოლიციამ თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა. აღდგომის ღამეს დაწყებული ძალადობის სერია გუშინაც გაგრძელდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა, როლანდ მესხმა ჩართული კამერების წინ ქალი მომიტინგე თმით ათრია.
ხალხი რუსთაველზე ტრადიციულ აქციაზე იყო მისული და პოლიციელებს აღდგომას ულოცავდა, რა დროსაც იერიში დაიწყეს. ტროტუარზე მყოფი ახალგაზრდები ჩამოათრიეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. არცერთი არც გზას კეტავდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მათ.