რეჟიმი რუსულ დავალებას ასრულებს – ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ანაკლიის პორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
გეგელიას შეფასებით, “მაკა ბოჭორიშვილმა გუშინდელი განცხადებით კიდევ ერთხელ მოკლა ანაკლია”.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერმა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე საუბრისას უმთავრესი გეოპოლიტიკური კოზირი შეგნებულად გააუფასურა.
ქართული ოცნების ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ბოჭორიშვილმა, გუშინდელი განცხადებით კიდევ ერთხელ მოკლა ანაკლია და დაადასტურა, რომ ეს რეჟიმი ასრულებს რუსულ დავალებას.
ბოჭორიშვილმა ხაზი გადაუსვა საქართველოს როლს და ეროვნულ ინტერესს, როდესაც განაცხადა რომ თურმე ყველაზე დიდი სტრატეგიული ქართული პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, არ ყოფილა დაკავშირებული გეოპოლიტიკასთან.
რეალურად, ანაკლიის პროექტი არის საქართველოს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მთავარი საყრდენი. ანაკლიის პროექტი ჩვენ მოგვიტანდა მილიარდობით ინვესტიციას და შემოსავალს, მხოლოდ ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ბრუნვა 700 მილიარდს აჭარბებს, ანაკლია მოგვიტანდა ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, გარანტირებულ უსაფრთხოებას და ნამდვილ მშვიდობას.
ანაკლია უნდა იყოს საქართველოს კარიბჭე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახალ ადგილს მიანიჭებს მსოფლიო რუკაზე და შეაკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ანაკლია აქცევდა ჩვენს სახელმწიფოს რეგიონის წამყვან ძალად, ისევე როგორც 90-იანებში ბაქო-ჯეიჰანმა შესძინა საქართველოს ახალი სტრატეგიული ფუნქცია. ეს არის პერსპექტივა რომელსაც ბოჭორიშვილი მიზანმიმართულად კლავს.
ბოჭორიშვილის განცხადება რა თქმა უნდა არ არის შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ მავნებლობას, რომელიც აშიშვლებს ქოცების სახელმწიფოს მიერ საქართველოს მთავარი გეოპოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ გატარებულ მრავალწლიან ანტი-ეროვნულ პოლიტიკას, განსაკუთრებით მაშინ როცა აშშ-ს კონგრესი განიხილავს სტრატეგიულ პორტებში ჩინეთის გავლენის ზრდას.
უსამშობლოა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს საგარეო მინისტრს უწოდებს, მაგრამ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე საუბრისას საქართველოს ხელთ არსებულ ერთერთ უმთავრეს გეოპოლიტიკურ კოზირს არათუ ქვეყნისათვის სასიკეთოდ იყენებს, არამედ შეგნებულად აუფასურებს მის როლს, რაც მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესს.
ნაცვლად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ხელი შეეწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულებისთვის, რაც შექმნიდა ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნიდა და საქართველოს სამხედრო და ეკონომიკურ სტატუსს მნიშვნელოვნად გაზრდიდა, ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი პორტის პროექტის ჩასაძირად, მათ შორის ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღძვრით.
თვითმარქვია ხელისუფლება დღემდე იჩემებს, რომ მას სურს პორტის დასრულება, თუმცა 6 წლის თავზე, არათუ ინვესტორი არ ჰყავს მონახული, არამედ პორტამდე მისასვლელი გზაც კი არ აუშენებია და რაც უარესია, არც 2025 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ამ გზის მშენებლობა. ეს არის ნათელი დასტური, რომ რუსეთს დამონებული თვითმარქვია რეჟიმი არასდროს არ აპირებდა აეშენებინა, და არც ახლა აპირებს რომ ააშენოს, პროექტი რომელიც არ არის თანხვედრაში რუსეთის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.
ნაცვლად იმისა, რომ დღეს ეს რეჟიმი ყველაფერს აკეთებდეს შავი ზღვის აუზში შუა დერეფნის, როგორც ეროვნული უსაფრთხოების და ეკონომიკური ზრდისა და.მდგრადობის – და რაც მთავარია მშვიდობის (ოცნებას გითომ ასე ძალიან რომ უყვარს, მისაღწვად, ვხედავთ რომ ის საპირისპიროდ იქცევა და პირდაპირ ასრულებს რუსულ ამოცანას, რაც არის შუა კორიდორის ფუნქციის გაუფასურება და სტრატეგიული კაპტულაცია.
ჩვენ, თავისუფალმა მოქალაქეებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დროულად ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესს და არა მტრის ინტერესებს. “,- განაცხადა გეგელიამ.