“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) თანახმად, “2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, ამ შემთხვევების 80% კი ოქტომბრის ბოლოდან დღემდე აღირიცხა. TI-ის თქმით, 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.
“საგანგაშო იყო 2024 წელი “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევების დრამატული ზრდის კუთხით”, – წერს TI.
ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები.
“28 ნოემბერს, პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა”, – წერს TI.