პროდასავლური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან კვლავაც გრძელდება. ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალები თანხმდებიან, რომ 29 დეკემბერს დაგეგმილი არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგაც კი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავაც დარჩება სალომე ზურაბიშვილი და იმის მიუხედავად სად იქნება ის და როგორ დასრულდება ყაველაშვილის ინაუგურაცია, სამართლებრივი მოცემულობა რჩება უცვლელი:
“გეტყვით რა არ მოხდება და არც უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 29 დეკემბერს – სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილება არ შეწყდება და რატომ? მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი კონსტიტუციური ვადა არის ამოწურული, მთავარი კონსტიტუციური დებულება არის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე, ანუ, როცა ის დადებს ფიცს. ჩვენ ახალი პრეზიდენტი არ გვყავს იმ უბრალო მიზეზით, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი და ხმოსნები და შესაბამისად, როდესაც არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, ვერ იარსებებს მის მიერ ლეგიტიმურად განხორციელებული ვერანაირი ქმედება, იქნება ეს ვინმეს არჩევა პრეზიდენტის და მთავრობის ჩათვლით, თუ მიღებული ნორმატიული აქტი. შესაბამისად, 29 დეკემბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს თავის უფლებამოსილების განხორციელებას, ვიდრე არ ჩატარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლება არ შეიცვლება დემოკრატიული გზით და უკვე ახალი პარლამენტი არ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, რომელიც ახალი იქნება ვადის თვალსაზრისით, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს ისევ სალომე ზურაბიშვილი” ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია.